განათლება

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც თვრამეტი უცხოელი ქართულ ენას შეისწავლის. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ქართული ენითა და დამწერლობით დაინტერესებული უცხოელები მონაწილეობენ. სპეციალური სასწავლო პროგრამა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კურსს მოიცავს.

სტუდენტები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, ირანიდან და სომხეთიდან ათი დღის განმავლობაში ქართულ გარემოში იცხოვრებენ, საქართველოს კუთხეებს დაათვალიერებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევარების ჩართვა და ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

 

კომენტარები