კვლევა

საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ

დღეს, სასტუმრო რედისონში საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს.

უახლესი საერთაშორისო კვლევის ,,ევრობარომეტრის’’ შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებთან შედარებით, ოთხჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

,,საქართველომ ფაქტობრივად შეცვალა ის წარმოდგენა, თითქოს კორუფციის დამარცხება რთულია. თუ მოინდომებ ყველაფერი შეიძლება გააკეთო. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი.’’-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ასევე  წარმოადგნეს ორგანიზაციებმა - EBRD ,IFC და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობის  მიერ კორუფციასთან საბრძოლველად გადადგმული ნაბიჯები ეფექტურია, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კვლევების თანახმად, NATO-ს წევრობის მსურველ ევროპულ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია.

,,კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით შედეგს მიაღწია. მოსახლეობის მაღალი პროცენტი ამბობს, რომ ფინანსურ სტრუქტურებში, მთავრობაში, იუსტიციის სფეროში კორუფცია არ არის. ეს კარგი მიღწევაა და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის.''-აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.

კომენტარები