ცვლილებები მთავრობაში

ახალი მინისტრთა კაბინეტი პირველ სამუშაო დღეს ჭიათურას ეწვია

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და ახალი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში იმყოფებოდა. ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველ სამუშაო დღეს პრეზიდენტი მთავრობის წევრებთან ერთად სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

”აქ ჩვენ სპეციალურად არ ამოვედით ვერტმფრენით, რათა ეს გზა გამოგვევლო. 40-45 წუთი მთავრობის წევრები ამ გზით ავტობუსით ვატარეთ, რათა საკუთარი თვალით ენახათ რა გზას გადის სოფლის თითოეული მცხოვრები ყოველდღე ჭიათურაში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს ადგილობრივი ძველი სკოლაც უჩვენა და აღნიშნა, რომ ვიდრე თუნდაც ერთი გაურემონტებელი სკოლა იარსებებს, განათლების რეფორმა ბოლომდე წარმატებულად ვერ ჩაითვლება. მიხეილ სააკაშვილმა სოფელში უწყლობის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღარ შეიძლება ადამიანებს ისევე სჭირდებოდეთ წყლის ზიდვა კილომეტრებიდან დოქებით, როგორც ეს ხუთი საუკუნის წინ ხდებოდა.

ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სამუშაო დღის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჭიათურის მოსახლეობას მთავრობის ახალი პროგრამა გააცნო. მისი თქმით, მთავრობის ახალი გეგმის მიზანი, გასული რვა წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შედეგად გაზრდილი ბიუჯეტის ხალხის სასიკეთოდ გამოყენებაა.

 

 

კომენტარები