მილიარდერები

მილიარდერები და ეკონომიკის სიჯანსაღე

კარლოს სლიმი

კარლოს სლიმი
მილიარდერების რეიტინგით შეიძლება ბევრად მეტი გავიგოთ, ვიდრე უბრალოდ ის, თუ რამდენი ფული აქვს ამა თუ იმ მდიდარ ადამიანს. იმის მიხედვით, როგორ იცვლება ეს სია, მილიარდერთა ქონების მოცულობა და წყაროები, შეიძლება დასკვნის გამოტანა, თუ რამდენად ჯანსაღია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკა. ეს, განსაკუთრებით, სწრაფად განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაშია მნიშვნელოვანი იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კონკურენტულნი არიან ისინი გლობალურ ბაზარზე.

კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი ეკონომიკა მეტი დოვლათის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა. იმ ქვეყნებში, სადაც ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად, დოვლათის დაგროვებას პროტექციონისტური კავშირები და პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს, მთელი დოვლათი მილიარდერების ხელში ხვდება და ქვეყნის შემოსავლებზე ნაკლებად აისახება. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება, თუ მილიარდერების მიერ დაგროვილი დოვლათის გენერირება არაპროდუქტიული ინდუსტრიების – მაგალითად, უძრავი ქონების, მშენებლობის და განსაკუთრებით, ბუნებრივი რესურსების – გაზის ან ნავთობის ხარჯზე ხდება, რადგან ამ შემთხვევაში პროტექციონისტური პოლიტიკის გამო, ეს სიმდიდრე მილიარდერების ხელში უვადოდ შეიძლება დარჩეს.

ბილ გეიტსი
ამ მხრივ საინტერესოა ორი განვითარებადი ქვეყნის, რუსეთისა და ჩინეთის შედარება. ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, ჩინეთის ეკონომიკა უდავოდ უფრო ჯანსაღია, ვიდრე რუსეთის. ჩინეთი მილიარდერების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. თუმცა იქაური მილიარდერების მიერ დაგროვილი დოვლათი ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ჩინეთმა გაცილებით მეტი დოვლათის დაგროვება შეძლო ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის მილიარდერთა საშუალო ქონება 10 მილიარდ აშშ დოლარს არ აღემატება. მილიარდერთა ქონების საშუალო მაჩვენებლები გაცილებით მაღალია რუსეთში.

რუსეთს თითქმის იმდენივე მილიარდერი ჰყავს, რამდენიც ჩინეთს. თუმცა მათ მიერ დაგროვილი დოვლათი ქვეყნის მშპ-ის 20%-ია. გამოდის, რომ რუსი მილიარდერები, ჩინელებთან შედარებით, მთლიანი დოვლათის 2-ჯერ მეტ წილს აკონტროლებენ და ეს მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.

რუსეთში ოლიგარქების გავლენაზე ისიც მიუთითებს, რომ მილიარდერთა 69% ქვეყნის დედაქალაქში – მოსკოვში

უორენ ბაფეტი
ცხოვრობს. ეს მდიდარი ადამიანების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მსოფლიოში. პროტექციონისტური პოლიტიკის გამო, ამ ადამიანებს კონკურენცია არ ეხებათ: 10 მათგანი, მაგალითად, თავის ქონებას და ადგილს რეიტინგში 2006 წლიდან ინარჩუნებს.

რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის: მილიარდერების რეიტინგში ამდენივე ადამიანი ინარჩუნებს თავის ადგილს ინდოეთშიც, თუმცა ტოპ ათეულში შემავალი მილიარდერების საშუალო სიმდიდრის მიხედვით, რუსეთს ისიც ჩამორჩება.

ამ კონტექსტში ინდოეთი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო. ჯერ ერთი, ბოლო დროს სიმდიდრის

გადანაცვლება შეიმჩნევა: თუ ადრე მდიდარი ადამიანები ტექნოლოგიის სფეროში წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ, დღეს მათ ახალი ჯგუფი ანაცვლებს, კერძოდ, პროვინციელი მაგნატები, რომლებიც მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებენ და კონკურენციისგან წმენდენ ისეთ მოგებიან სექტორებს, როგორებიცაა სამთო მრეწველობა და უძრავი ქონება.

ინდოეთი საინტერესო ქვეყანაა იმ კუთხითაც, რომ მისი სუპერმდიდარი ადამიანები, დანარჩენი მოსახლეობისგან, აღშფოთების ნაცვლად, აღფრთოვანებას იმსახურებენ – განსხვავებით იმავე ლათინური ამერიკისგან, სადაც ასეთი ადამიანები ქუჩაში ტყვიაგაუმტარი ჯავშანტრანსპორტიორებით გადაადგილდებიან და ცდილობენ, ხალხს თვალში არ მოხვდნენ. მექსიკაში, მაგალითად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, მოკრძალებულ ექვსსაძინებლიან სახლში ცხოვრობს და შეუჩნევლად ყოფნას ამჯობინებს: სახლს გარეშე თვალისგან ბეტონის მაღალი კედლები იცავს.

ყველა ეს ქვეყანა ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ უმდიდრესი ადამიანების მიერ დაგროვილი დოვლათი რაიმე განსაკუთრებული ინოვაციური იდეების შედეგი არ არის. ამ მხრივ, ყველაზე სტაბილური ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია: 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის საშუალო ქონება 31 მილიარდი აშშ დოლარია, თუმცა ყველა მილიარდერის წილი მშპ-ში – მხოლოდ 10.6%. ბოლო 20 წლის მანძილზე, აშშ-ის მილიარდერები რეიტინგის ტოპ ათეულში ლიდერობენ და პოზიციებს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც ინარჩუნებენ. ეს დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური კრიზისი სწორედ ამერიკიდან დაიწყო.

რა გამოარჩევს ამერიკას სხვა ქვეყნებისგან? აქ დოვლათის დაგროვება კონკურენტულ გარემოში ხდება – მდიდრდებიან ისინი, ვინც პროდუქტს დამოუკიდებლად ქმნიან. ეს დამოუკიდებელი პროდუქტი კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას კონკურენტუნარიანობას ჰმატებს გლობალურ არენაზე. ამდენად, იზრდება არა მხოლოდ მდიდარი ადამიანების ქონება, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც.

ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები განვითარების დონით აშშ-ს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ამიტომ აქ რაიმე პირდაპირ შედარებაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა ამერიკის მაგალითი ყველა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანას შეახსენებს, რომ რეიტინგული მილიარდერების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯანსაღ ეკონომიკას – ამისთვის რამდენიმე პირობის დაცვაა აუცილებელი: მილიარდერებს უნდა ეხებოდეთ ბაზარზე კონკურენცია; მათი რაოდენობა პროდუქტიული ახალი ინდუსტრიების განვითარების ხარჯზე უნდა იზრდებოდეს და არა – პროტექციონიზმის. ასეთ შემთხვევაში მილიარდერთა რიცხვი ქვეყანაში მშპ-ის პროპორციული იქნება და განვითარების ტემპს მხოლოდ დააჩქარებს.

კომენტარები