ფოკუსი

ცისარტყელას შვილები

„რაღაც უნდა გითხრათ. იცით... მე ჰეტერო ვარ”, – ყოყმანით მიმართავს ახალგაზრდა ბიჭი მაგიდასთან სავახშმოდ შეკრებილ მშობლებს. ისინი ერთი სქესის წარმომადგენლები არიან – ორივე მამაკაცია. სცენა ცნობილი ვიდეორგოლიდანაა, რომელიც საერთაშორისო ლგბტ ასოციაციას (ILGA) ეკუთვნის. „აუცილებელი არ არის, ჰომოსექსუალთა მიერ აღზრდილი ბავშვები თავადაც ჰომოსექსუალები გახდნენ” – ჩნდება წარწერა კადრში. ვიდეოს მიზანია გვაჩვენოს, რომ ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანას რაიმე განსხვავებული შედეგები არ მოსდევს.

სარეკლამო რგოლი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა კიდეც, როგორც მიზნის მიღწევისთვის არაეფექტური. მართლაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიჭს მშობლებისთვის „სიმართლის” თქმა ეუხერხულება, რადგან შვილის მიმართ განსხვავებული მოლოდინები თუ მოთხოვნები აქვთ. თუმცა, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია: ვიდეო ცივილიზებულ სამყაროში მიმდინარე მწვავე დებატის კარგ მაგალითად გამოდგება.

ერთსქესიანი ქორწინების ავ-კარგიანობასა და მათთვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მიცემაზე დღემდე ბევრი ვერ თანხმდება. ეს არაა გასაკვირი – საკითხი კომპლექსურია და ბევრი საკამათო მხარეც აქვს.

მართალია, ასეთი ბავშვები პროცენტულად უმცირესობაში არიან, მაგრამ მათი რიცხვი არც ისე ცოტა და, ამასთან, მზარდია. მაგალითად, აშშ-ში, 2000 წლის აღწერით, ერთი სქესის მშობლებთან 65 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. 2012-ში მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია და 110 ათასს აღწევს.

საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც წესი, არაერთგვაროვანია. Princeton Survey Research Associates International-ის მიხედვით, 4 წლის წინ, გეი ან ლესბოსელი წყვილისთვის შვილად აყვანის უფლების მიცემას ეთანხმებოდა 53%, ეწინააღმდეგებოდა 39%, ხოლო ჩამოყალიბებული აზრი არ ჰქონდა 8%-ს.

ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ბავშვი ელოდება მშობელს. რატომ უნდა ავუკრძალოთ მოსიყვარულე და კარგ ადამიანებს მშობლად ყოფნა მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო? საქართველოში ძალიან ცოტას თუ ჰყავს გარშემო ბავშვიანი ჰომოსექსუალი წყვილი, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ ამქვეყნად არსებობენ შესანიშნავი გეი და არცთუ სამაგალითო ჰეტეროსექსუალი მშობლები.

მეორე მხრივ, მთლად სწორი არც საკითხის ლგბტ უფლებების პრიზმაში განხილვა იქნება. ამ თემაზე საუბრისას, ალბათ უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ამოსავალი წერტილი ბავშვის ინტერესია. ჯერ ერთი, მოსიყვარულე გეი მშობლების ხელშიც, ის, შესაძლოა, გამუდმებული სტრესის ქვეშ მოექცეს თანატოლების თუ მეზობლების არაკეთილგანწყობის გამო. გარდა ამისა, ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს „ინტერესი” ბავშვის ტრადიციულ, დიდი ხნის ნაცად ოჯახურ სტრუქტურაში აღზრდას არ გულისხმობს.

ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მარკ რეგნერუსის ოჯახის სტრუქტურის ახალი კვლევა, რომელიც გასულ კვირას Social Science Research-მა გამოაქვეყნა. ის ასკვნის, რომ მშობლების ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს ბავშვებზე არასახარბიელო გავლენა აქვთ.

კვლევის მასშტაბები შთამბეჭდავია. ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორმა 18-დან 39 წლამდე ასაკის 15 ათასი რესპონდენტი გამოკითხა. თითოეულმა საკუთარი ცხოვრების შესახებ მრავალ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის, მშობლების ერთსქესიანი ურთიერთობის გამოცდილების შესახებ. საკმაოდ დიდია ფინანსური რესურსიც: რეგნერუსს 695 000-დოლარიანი გრანტი ჰქონდა Witherspoon Institute-ისგან და დამატებით 90 000 დოლარი Bradley Foundation-ისგან.

კვლევაში 40 სხვადასხვა სოციალური თუ ემოციური ფაქტორია გაანალიზებული და შედარებული. აღმოჩნდა, რომ 25-ში მნიშვნელოვნად უარესი შედეგები აჩვენეს მათ, ვის მშობლებსაც ერთსქესიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ადამიანები იტყობინებიან, რომ განუცდიათ მეტი დეპრესია, ჯანმრთელობის გაუარესება, აქვთ ბავშვობის არასასიამოვნო მოგონებები, უჩივიან უმუშევრობას, ნარკოდამოკიდებულებას, პრობლემებს კანონთან თუ სექსუალურ პარტნიორებთან. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოირიცხა გამოკითხულთა ასაკის, რასის, გენდერის და საცხოვრებელი ადგილის ფაქტორები. დასკვნა ძალაში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ შედეგები უარესი იყო ლესბოსელი მშობლების შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, იმ გოგონების 31%, ვის დედასაც რაღაც ეტაპზე ლესბოსური ურთიერთობა ჰქონია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა – ბიოლოგიურ მშობლებთან გაზრდილებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია. მათ ორჯერ მეტი ალბათობით განუცდიათ დეპრესია და პრობლემები ურთიერთობაში. ამასთან, 28% უმუშევარია, როცა ტრადიციული ოჯახის შვილებში ამ პრობლებას 8% უჩივის. გარდა ამისა, 40%-ს მეუღლის ან პარტნიორის პარალელურად, სხვა ინტიმური ურთიერთობაც ჰქონია – შედარებით 13%-თან.

თუმცა ეს იმითაც აიხსნება, რომ, როგორც წესი, ბავშვები ნაკლებად ცხოვრობდნენ ჰომოსექსუალ მამებთან, ვიდრე ლესბოსელ დედებთან.

რეგნერუსის კვლევა განსაკუთრებით საინტერესო ხდება, თუ არსებულ ფონს გავითვალისწინებთ: აშშ-ში ტრადიციული ქორწინებები მცირდება – ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა რიცხვი კი იმატებს. ამის პარალელურად, ოფიციალური გაფორმების გარეშე თანაცხოვრება ისევე პატივსაცემად აღიქმება, როგორც ქორწინება.

გასათვალისწინებელია, რომ ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების არეალი იზრდება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა ქორწინებას. რეგისტრაციის უფლება ერთსქესიანმა წყვილებმა შარშან ნიუ იორკშიც მიიღეს. ამჟამად, ის აშშ-ის ექვს შტატშია დაკანონებული.

გარდა ამისა, დღეისთვის გეი ქორწინებას ლეგალურად ცნობს ჰოლანდია, არგენტინა, ბელგია, კანადა, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი. ნაწილობრივ – მექსიკა და ისრაელი. შარშან შესაბამის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტმა, თუმცა იქ არსებობს პაქტები, რომლებიც ჰომოსექსუალებზე ქორწინების მსგავს უფლება-მოვალეობებს განავრცობს.

ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის ლეგალიზება, უფრო მასობრივად, 2000-იანი წლებიდან დაიწყო. მათ შორისაა: ინგლისი, უელსი, ჰოლანდია, ისლანდია, ბელგია, ესპანეთი, შვედეთი. სამოქალაქო კავშირში მყოფი წყვილისთვის ეს შესაძლებელია გერმანიაში, დანიასა და ნორვეგიაში. გარკვეული შეზღუდვებით დაშვებულია ისრაელში, ფინეთში, ავსტრალიაში. ასევე ლეგალურია სამხრეთ აფრიკაში, ანდორაში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ურუგვაიში. რაც შეეხება აშშ-ს, აქ მსგავსი ფედერალური კანონი არ არსებობს, თუმცა 12 შტატის კანონმდებლობა ამ უფლებას იძლევა.

საქართველოში ამ საკითხს არეგულირებს კანონი შვილად აყვანის შესახებ. ბუნებრივია, აქ ჰომოსექსუალი წყვილი ოჯახის ამპლუით ბავშვს ვერ იშვილებს – იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაცია არ ხდება. თუმცა, ასეთი წყვილებისთვის არც კონკრეტული საკანონმდებლო აკრძალვა ან რეგულაცია არსებობს. თუ ბავშვის აყვანის სურვილს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი გამოთქვამს, საქმე ჩვეულებრივ რეჟიმში წარმოებს: კონკრეტულ შემთხვევაზე შესაბამისმა ორგანომ თანხმობის ან უარის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არც ყოფილა.

რა თქმა უნდა, ადამიანმა სიხარულით სავსე ბავშვობა მრავალ განსხვავებულ გარემოში შეიძლება გაატაროს. თუმცა, თუ ზოგადი სურათის დანახვა გვსურს, კონკრეტული შემთხვევებისგან დისტანცირება მოგვიწევს. ტენდენცია კი აჩვენებს, რომ თუ ბავშვის ბედნიერების რეცეპტი არსებობს, ის ორი ბიოლოგიური დაქორწინებული მშობლის ყოლაა. კვლევათა მზარდი რაოდენობა ადასტურებს – დაქორწინებული, ბიოლოგიური მშობლების ატმოსფერო ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო და მისთვის სოციალური კაპიტალის შეუცვლელი წყაროა.

მაგალითისთვის, გასულ წელს ჟურნალ American Sociological Review-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, განქორწინებული ოჯახის ბავშვებს დაბალი სოციალური უნარები აქვთ – უჭირთ მეგობრების შეძენა და შემდგომში ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ახასიათებთ მარტოობის გრძნობა და დაბალი თვითშეფასება. ცუდი მაჩვენებელი აქვთ სკოლაშიც – განსაკუთრებით, მათემატიკაში. ამასთან, სტატისტიკურად, გოგონები, რომელთა მშობლებიც გაყრილები არიან, მეტი ალბათობით, თავადაც განქორწინდებიან მომავალში, ორჯერ უფრო ხშირად ირიცხებიან სკოლიდან, ორსულდებიან ადრეულ ასაკში და აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვისთვის საკვანძო როლს თამაშობს მამაც. ეს, ხშირად, დედის მნიშვნელობის ფონზე, მიჩქმალული რჩება. ჟურნალმა Personality and Social Psychology Review რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც იუწყება, რომ მამის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვის მომავალზე გავლენას ახდენს. მამობრივ მზრუნველობას მოკლებული ადამიანები მეტი ალბათობით იწყებენ სმას, ნარკოტიკების მიღებას, ექმნებათ ფსიქიკური პრობლემები.

საქმე ისაა, რომ პარალელურად არსებობს მეინსტრიმული დისკურსი, რომლის მიხედვით, ოჯახის უპირატესობის წესს გამონაკლისიც აქვს: ჰომოსექსუალ წყვილს ბავშვზე ისეთივე კარგი გავლენა აქვს, როგორც ტრადიციულ ოჯახს.

ამის კარგი მაგალითია რეზიუმე, რომელიც 2005 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა: „არცერთ კვლევას არ გამოუვლენია, რომ ერთსქესიანი წყვილების ბავშვები რაიმე მაჩვენებელში ჩამორჩებიან ჰეტეროსექსუალი მშობლების შვილებს” – ნათქვამია დასკვნაში.

2007 წელს ანგარიში გამოსცა ავსტრალიის ფსიქოლოგთა საზოგადოებამაც. მასში ნათქვამია, რომ ბავშვის კარგად ყოფნას, პირველ რიგში, განსაზღვრავს მშობლების ფსიქოლოგიური მდგრადობა, ჰარმონიული ურთიერთობა, არსებული ურთიერთობებით კმაყოფილება და აღზრდის ხარისხი. ხოლო მშობლების რიცხვი, სქესი და თანაცხოვრების სტატუსი – მეორეხარისხოვანია.

უკანასკნელ პერიოდში დასკვნები უფრო შორსაც წავიდა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ერთსქესიან მშობლებს ჰეტეროსექსუალებზე უკეთაც გამოსდით ბავშვთან ურთიერთობა და მისი აღზრდა: ორი წლის წინ უილიამსის ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ აშშ-ში ლესბოსურ ოჯახებში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ეს მაშინ, როცა ამ დროისთვის ამერიკელი მოზარდების 26% თავს ოჯახში ფიზიკური ძალადობის, 8.3% კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევდა.

შედეგად, სამეცნიერო წრეებში საქმე კონსენსუსისკენ წავიდა და ეს საკითხი დროებით ფართო დებატის და განსჯის მიღმა აღმოჩნდა.

ამ ფონზე რეგნერუსის კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლგბტ უფლებადამცველების რისხვა გამოიწვია. ბევრჯერ

ახსენეს დამფინანსებელი წყაროების კონსერვატიული მიმართულება. ნაშრომს „მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი” და „ფსევდომეცნიერული დეზინფორმაცია” უწოდეს. მრავალი არცთუ სასიამოვნო ეპითეტით შეამკეს ავტორიც და გეი და ლესბოსელი მშობლების დისკრედიტების მცდელობაში დაადანაშაულეს.

განსხვავებულ შედეგს რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი, შერჩევის მეთოდია. წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ნაციონალური მასშტაბით შემთხვევით შერჩევას ეყრდნობა.

სწორედ არასწორ მეთოდოლოგიას საყვედურობენ ძველ კვლევებს. ამერიკელი მიმომხილველი და პოლიტიკური ანალიტიკოსი მონა ჩარენი წერს, რომ მათი დიდი ნაწილი მცირე მასშტაბის იყო. თანაც, ძირითადად, თეთრკანიან, განათლებულ და დიდ ქალაქებში მცხოვრებ ლესბოსელ მშობლებს მოიცავდა. გარდა ამისა, როგორც წესი, ინფორმაციას მშობლებისგან იღებდნენ და არა უკვე გაზრდილი შვილებისგან. მკვლევრებიც, ხშირად ლგბტ ჯგუფებთან ახლო კავშირში იმყოფებოდნენ.

რა თქმა უნდა, სხვა, უფრო კონსტრუქციული კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ. მათი აზრით, ჰომოსექსუალი მშობლების ავ-კარგიანობაზე ვერაფერს დავასკვნით, თუ კვლევაში მათაც შევიყვანთ, ვის მშობელსაც ოდესმე ერთსქესიანი ურთიერთობა ჰქონია.

კრიტიკა, ერთი მხრივ, ლეგიტიმურია: გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ გაუტარებია სრულად ბავშვობა ჰომოსექსუალ მშობლებთან. ამას არც თავად რეგნერუსი უარყოფს, თუმცა არგუმენტები მასაც აქვს: ზრდასრული ახალგაზრდების რიცხვი, რომლებმაც მთელი ცხოვრება ლესბოსელ მშობლებთან გაატარეს, ცოტაა იმისთვის, რომ შემთხვევითი შერჩევით კვლევის ჩატარება შესაძლებელი იყოს. ხოლო მცირე მასშტაბების კვლევა არარეპრეზენტაციულია და აზრი არ აქვს.

გარდა ამისა, ოპონენტები ამბობენ, რომ კვლევის ზოგიერთი ასპექტი ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერ არგუმენტად უფრო გამოდგება.

Slate-ის კორესპონდენტი, უილიამ სეილტენი ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი არ მოგვწონს, არ ღირს იმ კვლევის უარყოფა, რომელშიც ამხელა რესურსი ჩაიდო: „დიახ, რეგნერუსი სოციალურად კონსერვატორია, მაგრამ ის მოაზროვნე, ღია გონების პატრონია და რეალობას ეფუძნება. შედეგი საყურადღებოა და ის უკვე არსებულ შეხედულებებს სულაც არ გამორიცხავს”.

მისი აზრით, რეგნერუსი რეალურად სტაბილურ და არასტაბილურ ოჯახებს ადარებს ერთმანეთს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მოსიყვარულე ოჯახების უპირატესობა მერყევთან. გამოდის, რომ ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერად კიდევ ერთი არგუმენტი გამოჩნდა: თუ გეი ან ლესბოსელი წყვილებისთვის დაქორწინების უფლება უნივერსალური გახდება, ისინი ბავშვისთვის სტაბილური ოჯახური გარემოს შეთავაზებას შეძლებენ.

ამ მოსაზრებას თავისი ლოგიკა აქვს: ისინი, ვინც ბავშვობა თუნდაც ძალიან კარგ ჰომოსექსუალ მშობელთან გაატარა, მოდიან პერიოდიდან, როცა ჰომოსექსუალობა უფრო მარგინალიზებული იყო და გეი ქორწინებაც, ფაქტობრივად, არ არსებობდა. დღეს ვითარება შეცვლილია, თუმცა დაქორწინებული წყვილებიც, ხშირად, საოჯახო სამართლით განსაზღვრული იმ უფლებებით ვერ სარგებლობენ, რითაც ჰეტეროსექსუალები.

მაგალითად, აშშ-ში, სადაც რიგ შტატებში ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია, ფედერალური კანონი წყვილზე ანალოგიურ უფლებებს არ განავრცობს. გეი წყვილი, თუნდაც დაქორწინებული, ვერ ისარგებლებს საგადასახადო ბენეფიტებით – ფედერალური კანონით, ოჯახის წევრებზე მემკვიდრეობის გადაცემა არ იბეგრება, ხოლო გეი წყვილს ბეგარის გადახდა მაინც უწევს. მათზე არ ვრცელდება სოციალური თუ ჯანდაცვის შეღავათები – ჰომოსექსუალი ადამიანი მეუღლის ან მეწყვილისთვის ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას, პენსიას, სადაზღვევო პაკეტს, გაყრის შემთხვევაში – ალიმენტს ბავშვისთვის და სხვა. ამასთან, ერთ მეწყვილეს არ აქვს უფლება, მეორის მაგიერ მიიღოს სამედიცინო ან ფინანსური გადაწყვეტილებები, თუ ეს უკანასკნელი არაქმედითუნარიანია. მეტიც, აშშ-ში საავადმყოფოში მყოფი მეწყვილის მონახულებაც შეზღუდულია.

ასევეა საქართველოში, სადაც ერთსქესიანი ქორწინება საერთოდ არ რეგისტრირდება: წყვილი, რომელიც თუნდაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად იყოს, საოჯახო სამართლით განსაზღვრული წესებით ვერ ისარგებლებს. თითოეული მათგანი კანონის წინაშე კერძო ფიზიკურ პირად განიხილება. არსებობს ერთი ალტერნატიული გზა – კონტრაქტი, რომლის მეშვეობით ორ პირს შორის ქორწინების გარეშეცაა შესაძლებელი მრავალი რამის დარეგულირება.

თუმცა, ზოგიერთი საკითხი ორი დაუქორწინებელი ადამიანის პირად ნებაზე არაა დამოკიდებული – კანონმდებლობა ამას თავად არეგულირებს და კონტრაქტი მასთან წინააღმდეგობაში ვერ მოვა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი თუმანიშვილი ამბობს, რომ სამომავლო ქონების თანაფლობისთვის, ჰომოსექსუალ წყვილს მოუწევს, რომ წინასწარ დადოს კონკრეტული კონტრაქტები ყველაფერზე, რასაც მომავალში შეიძენენ. რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ამ შეზღუდვებიდან გამომდინარეც, ერთი მხრივ, გასაგებია, რატომ სჭირდებათ გეი წყვილებს სრული საქორწინო უფლებები – სტაბილურ, სრულუფლებიან ოჯახში მათ უკეთესი პირობები ექნებოდათ. მათ შორის, ბავშვებისთვის.

თუმცა, რეგნერუსის კვლევიდან უფრო ღრმა დასკვნების გამოტანაც შეიძლება:

მთავარი, რაც გაირკვა, ისაა, რომ ზოგადი წესისგან გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება – ადამიანებს წარმატებისკენ სწრაფვის მეტი უნარი აქვთ, როცა მთელ ბავშვობას მამასთან და დედასთან ერთად ატარებენ.

რა თქმა უნდა, შვილი მხოლოდ ჰომოსექსუალ წყვილებს არ აჰყავთ. თანაც, ხშირად, არაბიოლოგიური დედ-მამა ან მარტოხელა მშობელიც მშვენივრად უძღვება აღზრდის პროცესს. მონა ჩარენი წერს, რომ სტაბილურობისა და დროში ხანგრძლივობის პირობებში, ჰომოსექსუალი მშობლები მიაღწევენ იმავე შედეგს, რასაც დედობილ-მამობილები ან განქორწინებული წყვილები ახერხებენ. თუმცა ტრადიციულ სტაბილურ ოჯახს ვერ გაუთანაბრდებიან.

საბოლოოდ, როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ კვლევის მეთოდოლოგია, ის საკმარის მიზეზს იძლევა, რომ კანონმდებლები მოთმინებით აღიჭურვონ.

ერთსქესიანი ქორწინება სოციალური ექსპერიმენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ცუდია, ან აუცილებლად კარგი. უბრალოდ, ჩვენ ჯერ ამის პირდაპირი თუ გაუთვალისწინებელი შედეგები არ ვიცით – მათ გაგებას გარკვეული დრო დასჭირდება. დანამდვილებით არც ის ვიცით, რამდენად მჭიდრო კავშირში აღმოჩნდება გეი ქორწინების უნივერსალიზება ბავშვის აღზრდასთან, არც ის – მომავალში რამდენად დაშორდება ერთმანეთს ქორწინების ოფიციალურად გაფორმების წესი და შთამომავლობის გაჩენა. ამ მხრივ დღეს არსებული დამოკიდებულება ყველაზე ადეკვატურია: როდესაც გეი ქორწინება ეტაპობრივად კანონდება, რჩება დრო და სივრცე ტენდენციების აღმოსაჩენად, მათზე განსჯისა და დებატისთვის.

რეგნერუსის კვლევა სხვა კუთხითაც საინტერესოა: ის პასუხს სცემს კითხვას, თუ რატომ განიხილებოდა ტრადიციულად ქორწინება უფრო სხვა რაიმედ, ვიდრე ეს სამოქალაქო თანასწორობის ინდიკატორობა ან უბრალოდ სიყვარულის ოფიციალურად გაფორმებაა. ამასთან, რატომ მოხდა, რომ ეს ინსტიტუტი თავის თავში მოიცავს ბავშვის უფლებებს ბიოლოგიურ მშობლებზე, ისევე, როგორც დედ-მამისას – ერთმანეთზე.

ჰეტეროსექსუალი მონოგამიური ოჯახის ტრადიციულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება წარსულმა გამოცდილებამ განაპირობა. ამის შედეგია ისიც, რომ ქორწინება მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობის რატიფიცირება არ არის. სხვა ფუნქციებს შორის, ის ბავშვის გაჩენისა და აღზრდის კონკრეტული გზის მხარდამჭერი და წამახალისებელია. ერთი შეხედვით, ამ ფუნქციის საყოველთაო აღიარება ნელ-ნელა მცირდება, თუმცა, როგორც ვნახეთ, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვების სოციალური თუ ეკონომიკური უპირატესობა – ჯერჯერობით, არა.

კომენტარები