კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, "პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის გადაყენებით დაამტკიცა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისი არსებობს". ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლადწარდგენილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ზუსტად ის თემები და პრიორიტეტები გამოაცხადა, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს არაერთხელ დაუსახელებიათ.
"აშკარად თვალშისაცემი იყო ის, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა კოალიციის თემები და პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს აქციებზე არაერთხელ გავახმოვანეთ. შეიძლება, იფიქრო, რომ ხელისუფლებას 8 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გაეგოთ, რა არის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის.” - განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა.
მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანა ადასტურებს იმასაც, რომ ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი. მისივე თქმით, ”საფრთხე იმისა, რომ ნაციონალები არჩევნებში დამარცხდებიან, კიდევ უფრო რეალური გახდა”.




