ქართული ოცნება

მცხეთაში ქართული ოცნების აქცია გაიმართა

მცხეთაში  კოალიცია ქართული ოცნების აქცია გაიმართა. აქციაზე მისულ ხალხს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა. მან სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და მოქალაქეებს პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

ივანიშვილმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ცენტრალიზებული და ერთპიროვნული მართველობა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება აქცენტს თვითმართველობის პრინციპზე გააკეთებს. კოალიციის ლიდერის განცხადებით, ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქს თავად მოქალაქეები უნდა წარმართავდენ. მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი მოსახლეობა თვითმმართველობის სიკეთეს ძალიან მალე იგრძნობს: ,,ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ქალაქებსა თუ სოფლებში, თავად მიიღებენ ბიუჯეტს და თავადვე იქნებიან მისი განმკარგველი. კანონით იქნება განსაზღვრული ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ნებისმიერ რეგიონს. აღარასდროს იქნება დამოკიდებული მათი გადაცემა რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე. თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი ძალიან მალე იგრძნობთ" .

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უწესობას სისტემური ხასიათი მისცა და ტრადიციების მოყვარე ქართველ ხალხს დაუპირისპირდა, თუმცა ამ ბრძოლაში თავადვე მარცხდება. ,,უღირსობას ღირსებას დავუპირისპირებთ და გპირდებით თითოეული მოქალაქის ღირსებას დავიცავთ. აი ამ ღირებულებებით, კულტურისა და ტრადიციის ხალხს დაუპირისპირდა ეს ხელისუფლება და მისი დამარცხება მოინდომა, მაგრამ ამ ბრძოლაში თვითონ მარცხდება", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში გამეფებულ უწესრიგობას ბოლოს მოუღებს:  ,,მე პირდაპირობა მიყვარს და არ ვამბობ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ყველა უწესო, ან ურიგო ადამიანია, მაგრამ არც ფაქტების შელამაზება მჩვევია. ყველამ ვიცით, რომ უწესრიგობა არც მანმადე გვაკლდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მას სისიტემური სახე მისცა ამასთან შეგუება უკვე დანაშაულია. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ უწესრიგობას, ამის გარეშე ქართული ოცნება არ ასრულდება".

გამოსვლის მეორე ნაწილში ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნებიდან დუშეთში კენჭს იყრის ირაკლი ტრიპოლსკი, თიანეთში - ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგში - ილია წიკლაური, მცხეთაში - დიმიტრი ხუნდაძე.

აქციის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი მაჟორიტარ კანდიდატებს მათი წესიერებისა და ნიჭიერების მიხედვით არჩევს: ,,ადრე თქვენ მეუბნებოდით, რომ მაჟორიტარებად, ძირითადად, სპორტსმენები გვყავდა. ახლა ნახეთ, ორი ექიმი, რეჟისორი და იურისტი წარვადგინეთ. ირაკლი ტრიპოლსკი ძალიან წესიერი ადამიანია. წესიერება არის ერთ-ერთი მთავარი, როდესაც მაჟორიტარებს ვირჩევთ. ასევე მნიშვნელოვანია მათი დამსახურება და ნიჭიერება. ყველა ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია".

ქართულმა ოცნებამ აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში და მცხეთაში. ივანიშვილის განცხადებით, მომდევნო 15 ივლისს გორში იქნება. ,,ჩვენ გორში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ყველგან მივალთ, ყველა სოფელში და ყველა კუთხეში. შემოდგომამდე ქვეყანას ერთ მუჭად შევკრავთ და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ’’, – განაცხადა მან.

 

 

 

კომენტარები