ინტერვიუ

ინტერვიუ ნატოში ლიტვის წარმომადგენელთან კეისტუტის იანკაუსკასთან

კე­ის­ტუ­ტის იან­კა­უს­კა­სი
ირაკლი ბლუიშვილი

ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს ალიანსში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კეისტუტის იანკაუსკასი ეწვია. გთავაზობთ იტერვიუს ბატონ იანკაუსკასთან.

 

ტაბულა: პირველ რიგში, მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის. დასაწყისისათვის, იქნებ მოკლედ გვიამბოთ თქვენი ვიზიტის მიზნების შესახებ?

იანკაუსკასი: საქართველოში მესამედ ვარ, თუმცა ნატოში  ლიტვის მუდმივი წარმომადგენლის რანგში ეს ჩემი მეორე ვიზიტია. უკანასკნელად აქ  გასული წლის ნოემბერში ვიყავი, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შემადგენლობაში. ეს იყო რთული და დატვირთული სამუშაო, რომელიც კარგად შესრულდა. ახლა ვიმედოვნებ, რომ პირადად  შევხვდები ბევრ ადამიანს როგორც თბილისში, ასევე მის გარეთ  და მექნება მათთან პირისპირ საუბრისა და დისკუსიის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიზიტის ორგანიზებისათვის. ეს ხდება ნატოს კვირეულის კონტექსტში, რაც, როგორც მივხვდი, ყოველწლიური ღონისძიებაა და ითვალისწინებს  სტუდენტებისათვის, ჟურნალისტებისათვის და საზოგადოების ფართო წრისათვის აღნიშნული პროგრამის უდიდესი მნიშვნელობის ახსნას.   ხალხის  მხარდაჭერის  შენარჩუნებისათვის აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება, რადგან ადამიანები მხარს იმას უჭერენ, რაც უკეთ იციან. ამის მისაღწევად ზოგჯერ ინფორმაციის  ინტერნეტით ან ბეჭდურად  გავრცელებაც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ხალხში გასვლა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების პირადად ახსნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია ნატოს კვირეულის ჩატარება. მე მქონდა შეხვედრები როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვაპირებ გამგზავრებას რუსთავში, გორში;   საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ვგეგმავ შეხვედრას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან;  შევხვდები იძულებით გადაადგილებულ პირებს, სამხედრო აკადემიის სტუდენტებს და ა.შ. ამ შეხვედრების მიზანია მოსახლეობისათვის ჩიკაგოს სამიტის დადგენილებების განმარტება - რა გადაწყვიტა ნატომ,  რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, და ეს ახსნა ნებისმიერ ინტერპრეტაციაზე უკეთესია.

ტაბულა:  ნატოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა  უკანასნელ სამიტზე ჩიკაგოში. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმაც  აღნიშნა, რომ  შემდეგი გაფართოების სამიტი იქნება. შეიძლება გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ რატომ ახლა არა? ეს საკუთრივ ორგანიზაციის მიზეზით აიხსნება, თუ არსებობს რაიმე სხვა გამოწვევები საქართველოსთვის ან პირობები, რაც საქართველოს ჯერ არ შეუსრულებია?

იანკაუსკასი: თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა საკითხი ნაწილობრივ მართალია. ჩიკაგოს სამიტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ლისაბონში ჩვენ მივიღეთ ახალი სტრატეგიის კონცეფცია, რაც მოიცავდა თავდაცვას,  სამხედრო წვრთნებს, ავღანეთის საკითხს, ძირითადად სამი თემა  განიხილებოდა - თავდაცვა,  ავღანეთი და პარტნიორობა. ჩიკაგოს სამიტზე ახალ თემებზე მსჯელობა გათვალისწინებული არ იყო. საუბრები ეხებოდა იმას, თუ როგორ ვაპირებთ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. იყო სამიტების მთელი სერიები, სადაც ახალი წევრები იყვნენ მიწვეული. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კარგი იყო წინა გადაწყვეტილება ნატოს გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკის გამოცხადების შესახებ. ასევე ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს და გაფართოებაც უნდა გაგრძელდეს. ნატოს შეხვედრაზე იქნება განხილული, როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ მივაღწიოთ ამას; არსებობს მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ  მათზე ვიმსჯელებთ. ამის განხორციელებისათვის, სხვა ყველაფერთან  ერთად, საჭიროა კანდიდატების მზადყოფნა - ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მოთხოვნას. მჯერა, რომ საქართველო კარგად ვითარდება, რაც ცხადად გამოჩნდა ჩიკაგოს სამიტზე, ასე რომ ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, თქვენ საკუთარ რეფორმებზე უნდა იმუშაოთ, რათა შემდეგ სამიტზე თავი საუკეთესო კანდიდატად წარმოაჩინოთ. არის კიდევ ოთხი ასპირანტი ქვეყანა, რომლებმაც გამოთქვეს ნატოს წევრობის სურვილი და ემზადებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყნების პროგრესი ინდივიდუალურად შეფასდება.

ტაბულა: რას თვლით ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად?

იანკაუსკასი: მთავარი საკითხი, ზოგადად რომ ვთქვათ, არის რეფორმების გაგრძელება და თქვენ კარგად იცით, ეს რასაც გულისხმობს. თქვენ გაქვთ  წლიური სამოქმედო პროგრამა,  რაც მოიცავს გარკვეულ ამოცანებს, მათ შესახებ კარგადაა ცნობილი და ეს ყოველ სამიტზე მეორდება. ერთი რომ გამოვყოთ და ეს კომუნიკეშიც არის, ასახული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, წელს და მომავალ წელს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელთა  დამუშავებაც პრაქტიკულად მიმდინარეობს. და ეს ყველაფერი ნატოს და ევროკავშირს კი არა, არამედ თქვენს ქვეყანას ჭირდება.

ტაბულა: რა გამოწვევები ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებს და, განსაკუთრებით, ლიტვას, როცა ის ნატოს წევრი გახდა?

იანკაუსკასი: ბალტიის ქვეყნებისათვის ძალიან  მსგავსი საკითხები იყო. უპირველეს ყოვლისა - შიდა რეფორმები, რომლებიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. ეს იყო ევროკავშირის მიერ წამოჭრილ საკითხთა კომპლექტი, რომელიც მოიცავდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა  დემოკრატია, სამართალი და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.  თუ გაეცნობით ევროკავშირის ანგარიშებს, ნახავთ, რომ მათში მოცემულია საერთო კანონები, რომლებიც ასახული უნდა იყოს ეროვნულ  კანონმდებლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ეს კანონები  მარტო მიღებული კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა სრულდებოდეს კიდეც. ვერ მიიღებთ კანონს. მნიშვნელოვანია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და  სამხედრო  საკითხები, კერძოდ: როგორია თქვენი შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ექვემდებარება თუა არა ისინი დემოკრატიულ კონტროლს, როგორ ხდება მათი დაფინანსება, რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ოპერაციებში, როგორი ურთიერთობები გაქვთ მეზობლებთან, როგორი პასუხისმგებლობით იქცევით საერთაშორისო ასპარეზზე. არის  საკითხთა  მთელი კომპლექსი, რაც ძალიან რთული ჩანს, თუმცა ბოლოს ყველაფერი კონკრეტულ ამოცანებამდე მიდის. ჩვენი ამოცანა ასევე იყო აშშ და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ეს ამად ღირდა. ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი  - ნატო, ევროკავშირი და კარგი სამეზობლო ურთიერთობები. არც ერთი მათგანი არაა სხვებზე ღირებული, თქვენ სამივე უნდა განახორციელოთ. ზოგიერთი ქვეყნისათვის ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, შეაღწევდა თუ არა ნატო საბჭოთა კავშირში. დადასტურდა, რომ ეს შესაძლებელია, თანაც ჩვენ არასოდეს ვთვლიდით თავს საბჭოთა კავშირის ნაწილად, ჩვენ ოკუპირებულები ვიყავით. თქვენ გადალახული გაქვთ ეს წითელი ხაზების ფსიქოლოგია, დარწმუნებული ვარ,  ჩვენ კი უკვე დავამტკიცეთ, რომ ნატოს გაფართოება უზრუნველყოფს უკეთეს უსაფრთხოებას. ჩვენ ეს სიძნელეები  უკვე გადავლახეთ.ჩვენის მხრიდან კი ძალისხმევას არ დავიშურებთ და სანამ აქ ვართ, ვიმსჯელებთ ამის შესახებ.

ტაბულა: განვაგრძოთ გამოწვევების თემა - ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთმა, დე ფაქტო ვეტო გააჩნია ნატოს გაფართოების საკითხზე, 2008 წლის ომი ხშირად განიხილება ამ თვალსაზრისით. რას უპასუხებდით ამგვარ კრიტიკოსებს? რუსეთი ჩაერია, როდესაც ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ?

 იანკაუსკასი: რბილად რომ ვთქვათ, რუსეთი არასდროს ყოფილა ნატოს გაფართოების მომხრე. და ეს სამწუხაროა. ნატოს წევრობა  არასდროს არავისთვის თავს არ მოუხვევიათ. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რათა თავი უფრო დაცულად გვეგრძნო.  ჩვენთვის ძალიან ძნელია იმის გაგება,  როგორ უნდა დააზარალოს მეზობელი ჩვენმა გადაწყვეტილებამ - ვიყოთ უფრო დაცული და დემოკრატიული. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ და ვქმნით  ნიადაგს რუსეთთან ძალიან პრაგმატული და კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კარგი მეზობლები და ამასთანავე ნატოს წევრებიც, რაც მოხდა კიდეც. ვფიქრობ, რომ დღეს ბალტიისპირეთის რეგიონი ადრინდელთან  შედარებით უფრო უსაფრთხოა არა მარტო ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვისაც, დავაფიქსირეთ რა აღნიშნული ვითარება, შეხვედრების დროს ჩვენ ნათლად განვუმარტეთ რუს კოლეგებს, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენ გვჯერა, რომ შგვიძლია საკუთარი მიზნებისა და პრიორიტეტების მართვა და, ამავდროულად, მეგობრებად დარჩენა. ჩვენ გვაკავშირებს სავაჭრო პარტნიორობა და ა.შ. ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვს  არც ერთ ქვეყანას, მათ შორის - არც რუსეთს. ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო და სწორედ ესაა ალიანსის პოლიტიკის საფუძველი. ასე რომ, იგივეა ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოს შემთხვევაშიც. ქვეყნის მზაობას შევაფასებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ იყვენენ უსაფრთხოების მიმწოდებელი და მისი მომხმარებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

ტაბულა: გავაგრძელოთ რუსეთის საკითხი. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რუსეთსა და ნატოს შორის სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შესახებ, მაგრამ რუსეთს არ სურს ამ საკითხში თანამშრომლობა. როგორ აპირებს ალიანსი ამ პრობლემის მოგვარებას - ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სარაკეტო თავდაცვითი სისტემით და რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევას?

იანკაუსკასი: თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ალიანსის ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემა. უპირველეს ყოვლისა, ის განკუთვნილია ყველა ტერიტორიის,  მოსახლეობის, მოკავშირე  ქვეყნების დასაცავად ნებისმიერი საფრთხისაგან. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ და უკანასკნელ კომუნიკეშიც არის აღნიშნული, რომ ეს არ ეხება რუსეთს, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და არ არის განკუთვნილი რუსეთის სტრატეგიული თავდაცვის შესასუსტებლად. რუსებს სხვა მოსაზრება აქვთ. ჩვენის მხვრივ ვადასტურებთ მზაობას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. რუსებს აქვთ საკუთარი სისტემა. იქნებ ჩვენ მოვიძიოთ და ნატომ შესთავაზოს გზა, როგორ შეიძლება იმუშაოს ორმა დამოუკიდებელმა სისტემამ  - გაცვალონ გარკვეული მონაცემები   და ერთად  მუშაობით   გააძლიერონ ერთმანეთი. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ნატოს ტერიტორიებს, ნატოში შემავალ ქვეყნებს გააკონტროლებს ნატოს სისტემა, თუმცა ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მესმის, რომ რუსეთს გარკვეული დრო ჭირდებოდა, ახლა იქ არჩევნები იყო. ახლა არჩევნები აშშ-ში ახლოვდება, ვნახოთ რა იქნება მათი დასრულების შემდეგ. თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ საკითხზე დიალოგისათვის.

ტაბულა: დავუბრუნდეთ ნატოს, როგორც ორგანიზაციის საკითხს. ნატო ცდილობს ახალ გარემოებებს მოერგოს. ამ საკითხში  ერთ-ერთი გაცხადებული  ძირითადი სტრატეგია არის ე.წ. Smart Defense, რის შესახებ ალიანსის მდივანმა რასმუნსენმა განაცხადა. შეგიძლიათ ამ სტრატეგიის განმარტება - რა გავლენას იქონიებს ის ალიანსის სიძლიერეზე?

იანკაუსკასი: მთავარი საკითხი ისაა, ახლა, შეზღუდული შესაძლებლობის ფონზე, როცა არ გვაქვს ბევრი ფული - მეტიც,  ცოტა ფული გვაქვს - როგორ შევძლოთ  უსაფრთხოების არსებული დონის შენარჩუნება. ცხადია, საჭიროა მეტი თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა და მრავალმხრივი პროექტების განხორციელება. როგორ უნდა მოხდეს ეს? ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის დეკლარაციის შესრულებას. მოგიყვანთ მაგალითებს. ჩიკაგოში განხილული იქნა და დეკლარაციაშიც არის ასახული ბალტიის რეგიონის საჰაერო თავდაცვის საკითხი. ნატოს სესიის მზადებისას, რომელზეც ჩვენი საკითხი უნდა განხილულიყო, მივიღეთ რჩევები ეროვნული შეიარაღებული ძალების განვითარების შესახებ, კერძოდ, არ დაგვეხარჯა ფული ძვირადღირებული ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, რადგან ისინი ძალიან ძვირია, ხოლო მათი შენახვა - კიდევ უფრო ძვირი. ამის ნაცვლად შემოგვთავაზეს სხვა საჯარისო ნაწილების დაფინანსება, რომელთა შეიარაღება  შეგვეძლო უფრო მაღალ დონეზე. ასეც მოვიქეცით. მას შემდეგ, რაც 2004 წელს ნატოს წევრები გავხდით, დადგა საკითხი, როგორ უნდა მომხდარიყო ალიანსის მთელ სივრცეში  თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნატოს პოლიტიკა ხომ სწორედ ეს არის - ყველას თანაბარი უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ გვქონდა საკუთარი საფრენი აპარატები, ამიტომ გადაწყდა, რომ ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეს დაიცავდნენ  ნატოს ქვეყნები, მათი მეთაურობით და კონტროლოთ, ნატოს მისიის ფარგლებში ადგილზე არსებული სახმელეთო საბრძოლო შენაერთებით. ჩიკაგოში ჩვენ ვთქვით, რომ ალიანსი გაზრდის თავის ჩართულობას, ხოლო ბალტიის ქვეყნები მხარს დაუჭერენ მათ.  მაგალითად, თვითმფრინავებზე ფული რომ დაგვეხარჯა, დღეს ვერ ვიქნებოდით ავღანეთში, უნდა გვეყიდა თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსს ისედაც ბევრი ჰყავს. ეს არ იქნებოდა გონივრული. ამის ნაცვლად ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი სამხედრო ძალები, ხოლო ალიანსმა ითავა საჰაერო დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის რესურსების განკარგვის, ურთიერთდახმარების და ერთმანეთის უსაფრთხოების გაძლიერების გონივრული გზა. არსებობს სხვა პროექტები, რაზეც ჩვენ დავთანხმდით. გვაქვს ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობისას მიღებული გამოცდილება, როდესაც ნათლად გამოჩნდა ჩვენი  შესაძლებლობების ხარვეზები.  დაპირებისამებრ,  გრაფიკის დაცვით, ჩვენ  ეტაპობრივად გამოვალთ ავღანეთიდან; ჩვენ  შევამცირებთ ავღანეთში სამხედრო ძალებს, ამის შემდეგ კი დაგვჭირდება  ერთობლივი მუშაობით  წვრთნისა და სამხედრო მომზადების გაძლიერება.  ბალტიის  ქვეყნებისათვის ამაში არაფერია ახალი. როგორც პატარა ქვეყნები, ჩვენ ყოველთვის ნულიდან ვიწყებდით, ვთანამშრომლობდით ერთმანეთთან და საერთო პროექტებს ვახორციელებდით. მაგრამ დიდი ქვეყნებისათვის, რომლებსაც საკუთარი ეროვნული შეიარაღებული ძალები ჰყავთ, ეს განსხვავებული მიდგომაა და ჩვენ მიდგომები შევაცვლევინოთ. უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ბევრი სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, დაფინანსების და მისი  გამოყენების  საკითხებზე. აქ ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოა,  Smart Defense იმას ემყარება, როგორ  შევძლებთ ერთობლივად უსაფრთხოების უკეთესად  უზრუნველყოფას. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო ღირებულება და ეს ასე დარჩება.

 

კომენტარები