ინტერვიუ

ინტერვიუ ავსტრალიის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან კავკასიაში

საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია ავსტრალიის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში დოქტორ რასელ ტრუდი. ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ტრუდთან.

ტაბულა: პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის. თუ შეიძლება მოკლედ გვითხარით თქვენი ვიზიტის შესახებ?

ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანი არის ჩვენება იმისა, რომ ავსტრალია მსოფლიოს ამ ნაწილში კონტაქტებს ზრდის. წელს არის საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი, ასე რომ მე ჩამოვედი რათა აღვნიშნოთ ის მჭიდრო ურთიერთობები რომელებიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. ვიზიტის ფარგლებში შევხვდები მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრის და კულტურის მინისტრს. ასევე იმედი მაქვს მოვახერხებ კულტურული ღირშესანიშნაობების ნახვას, ასევე შევხვდები თბილისში მყოფ ავსტრალიელებს. ზოგადად მინდა რომ ვაჩვენოთ ქართველებს რომ ურთიერთობის გაძლიერება გვსურს. ჩვენ საქართველოს  დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, შემდეგ კი დემოკრატიის განვითარებაში დიდ მხარდაჭერას ვუცხადებდით. ვფიქრობ ავსტრალიასა და საქართველოს შორის ძალიან ბუნებრივი კავშირია.

ტაბულა: თქვენ ახსენეთ ურთიერთობების 20 წლის თავი. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ როგორ ვითარდებოდა საქართველო-ავსტრალიის ურთიერთობები და რა არის მთავარი პრიორიტეტები ამ მომენტისთვის?

პრიორიტეტების დიდი სპექტრია და წლების განმავლობაში ეს პრიორიტეტები იცვლებოდა. დასაწყისში უმთავრესი პრიორიტეტი დამოუკიდებლობის მხარდაჭერა იყო, შემდეგ კი დემოკრატიის განვითარება. ვიცი რომ ოქტომბერში არჩევნებია, რომელიც თქვენი დემოკრატიის კიდევ ერთი დამამტკიცებელი იქნება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს სუვერენიტეტს. ჩვენი ურთიერთობები ძალიან ფართოა, ავსტრალიაც და საქართველოც ჩართულია ავღანეთში, ამ მომენტისთვის ვაჭრობა მცირე ზომისაა, მაგრამ იმედი გვაქვს გაიზრდება.

ტაბულა: 2008  წლის ომის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი არის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი ძალიან აქტიურად ახორციელებს ფინანსურ და სხვა სახის  ზეწოლას სხვადასხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით ოკეანიის პატარა კუნძულოვან  სახელმწიფოებზე. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ავსტრალია რათა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ურღვევობის საერთაშორისო აღიარება?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ავსტრალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გვჯერა რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ამ საკითხზე საქართველო და ავსტრალია ძალიან ახლოს თანამშრომლობენ. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ თავიდან ავიცილოთ მოვლენების ასეთი განვითარება. როგორც იცით საქართველომ უკვე გახსნა საელჩო ავსტრალიაში და ეს ჩვენ ახლო ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ტაბულა: თქვენი აზრით, რა არის საქართველოს და ზოგადად რეგიონის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა?

რთული რეგიონია და რამდენიმე ტურბულენტური ნაწილი აქვს. საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ტერიტორიული მთლიანობაა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. მაგრამ უფრო ფართო საკითხებიც არის, უნდა შეძლოთ უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება.

ტაბულა: დემოკრატია ახსენეთ, რა გამოწვევების წინაშეა ქართული დემოკრატია?

დემოკრატია ისეთი რამაა, რომ მის მშენებლობას ბევრი წელი სჭირდება. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება. არჩევნები სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და ეს დემოკრატიისთვის ძალიან კარგია. მე სრულიად არ ვღელავ ამაზე, ვფიქრობ რომ საქართველოს ძალიან კარგად ახერხებს დემოკრატიის გაძლიერებას.

ტაბულა: ახსენეთ, რომ საქართველოც და ავღანეთიც ჩართულები არიან ავღანეთის ომში. საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებას აკრიტიკებს ამ ომში მონაწილეობისთვის, მათი თქმით, საქართველო არ არის ნატოს წევრი და ამ ომში არ უნდა იბრძოდეს. არც ავსტრალია არ არის ნატოს წევრი, შეგიძლიათ ომზე ავსტრალიის პერსპექტივაზე გვესაუბროთ? რატომ არის ეს ომი საერთაშორისო მნიშვნელობის და რატომ მონაწილეობს მასში ავსტრალია?

ჩვენ ავღანეთში 10 წლის წინ ჩავერთეთ, რადგან ამ ქვეყნიდან საერთაშორისო ტერორიზმის სერიოზული საფრთხე მოდიოდა. ავსტრალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავღანური სამხედრო ძალების გაძლიერებაზე მუშაობს, ვფიქრობთ რომ ავღანეთის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ ვწვრთნით მათ ჯარს და პოლიციას. ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგაც გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ჩვენი აზრით ჩვენ მიერ ჩატარებულ სამუშაოს კიდევ უფრო გაამტკიცებს.

ტაბულა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა, თუმცა რუსეთი ნატოს გაფართოების წინააღმდეგია. თქვენი აზრით, რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერპრეტაციისთვის არ გამოვდგები, მხოლოდ შემიძლა ვთქვა, რომ რუსეთს საზღვრების უსაფრთოხება ადარდებდა ყოველთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში არ ვეთანხმებით თუ როგორ აკეთებს ამის მანიფესტაციას. ნატოს შემთხვევაში კი, მხოლოდ ნატოს გადასაწყვეტია როდის გახდება საქართველოს ნატოს წევრი.

კომენტარები