Wikileaks

ObamaLeaks

„მოსაზრება, რომ ჩემი თეთრი სახლი მიზანდასახულად ამჟღავნებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფარულ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელია”, – ასე უპასუხა ბარაკ ობამამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საიდუმლო ინფორმაციის გახშირებულ გაჟონვას ეხებოდა. დაიწყო საქმის გამოძიება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე. იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა უკვე წარადგინა ორი პროკურორი, რომელიც ამ საქმის გამოძიებაზე იმუშავებს. ერთ-ერთი მათგანი, რონალდ მეიხენი, ობამას ფინანსური მხარდამჭერი იყო ჯერ კიდევ სენატში მისი საარჩევნო კამპანიის დროს და Washington Post-თან ინტერვიუში ლეგენდაც კი უწოდა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ თავისი 30-იანი წლიანი კარიერის მანძილზე, ინფორმაციის გაჟონვის მსგავსი შემთხვევები არ ახსოვს. კალიფორნიის დემოკრატი სენატორის, დიანე ფეინშტაინის თქმით კი, სენატის სადაზვერვო კომიტეტში მისი 11-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, უკანასკნელი ფაქტები ყველაზე სავალალოა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაშინგტონიდან მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის გადინებამ, ობამას კრიტიკოსების შეფასებით, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე WikiLeaks-მა და ჟულიან ასანჟმა. ობამას ოპონენტები კიდევ უფრო შორს მიდიან და პრეზიდენტს ბრალს დებენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის გადინება მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათი აზრით, ადმინისტრაცია განზრახ ააშკარავებს ფაქტებს, რომლებიც ობამას ძლიერი პრეზიდენტის იმიჯს უქმნის. ორმაგი აგენტების, სამიზნეთა შერჩევის და მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა პრეზიდენტს წარმოაჩენს სუპერგმირად, რომელსაც ამერიკის გადარჩენა სურს. გარდა ამისა, მსგავსი საკითხების წამოწევით, ადმინისტრაცია უმუშევრობის მაღალი დონით შეშფოთებული მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს – ეკონომიკური მდგომარეობა ხომ პირდაპირ გავლენას ახდენს თეთრი სახლის ბინადარი პრეზიდენტის ბედ-იღბალზე. ამერიკაში, ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, არცერთ პრეზიდენტს 7.2%-ზე მაღალი უმუშევრობის დონით არჩევნები არ მოუგია, დღევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 8.2%-ია.

დელიკატური ინფორმაცია სხვადასხვა გამოცემებმა, მათ შორის, Newsweek-მა და New York Times-მა გამოაქვეყნეს. ავტორთა ცნობით, მასალები ადმინისტრაციის იმ ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომლების დახმარებით იყო მოძიებული, რომელთაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ასევე, დევიდ სენგერმა ახლახან გამოსცა წიგნი „კონფრონტაცია და შენიღბვა”, სადაც ის ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ კიბერშეტევებზე საუბრობს. ვირუსი Stuxnet-ი იყო ისრაელისა და ამერიკის საერთო ოპერაცია, რომელიც ნატანზის ბირთვული დანადგარის გათიშვას ისახავდა მიზნად. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება არა მხოლოდ ამერიკის უსაფრთხოებისთვისაა კრიტიკული მნიშვნელობის, არამედ, შესაძლოა, ორი ქვეყანის დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ნეგატიურად იმოქმედოს, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირე დააკარგვინოს და ისრაელს რეგიონში შეუქმნას პრობლემები. ჯონ მაკკეინის აზრით, მსგავსი ზიანის და საიდუმლო მასალების გამოაშკარავების ერთადერთი მოტივი პრეზიდენტის იმიჯის ამაღლებაა.

ინფორმაციის გამოაშკარავებამ, შესაძლოა, ამერიკის ურთიერთობები მეგობრულად თუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთანაც დაძაბოს. ირანს, ჩინეთს და რუსეთს ამერიკის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებზე უკვე აქვთ ინფორმაცია, რაც მომავალში მსგავსი ოპერაციების დაგეგმვასა და შესრულებას გაართულებს. ეროვნული უსაფრთხოების მოკლევადიან პირად პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვლა არც ობამას მოუტანს კარგს შედეგს. პრეზიდენტის ოპონენტებმა ეს მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

ვაშინგტონიდან მასალების გაცემას უკავშირდება პაკისტანელი ექიმის, შაქილ აფრიდის დაკავება. აფრიდი ამერიკას ოსამა ბინ ლადენის დაპატიმრებაში დაეხმარა, ხოლო მას შემდეგ, რაც პაკისტანის მხარემ ამის შესახებ შეიტყო, ექიმს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წლეულს გაზაფხულზე, გამოქვეყნდა საიდუმლო მასალები, რომლის მიხედვითაც ისრაელი აზერბაიჯანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანთან შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში საჰაერო ბაზების განთავსების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო, თუმცა მემარჯვენე კრიტიკოსებმა ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციას დასდეს ბრალი და განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ცდილობდა, ისრაელის სამხედრო შეთანხმებების გაცემით, ამ უკანასკნელისთვის შეტევის წამოწყების საშუალება არ მიეცა.

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების გარშემო ექვსი საქმე აღიძრა – ორჯერ მეტი, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა პრეზიდენტის დროს. უკანასკნელი მოვლენები დემოკრატიული პარტიის წევრებმაც დაგმეს, თუმცა თეთრი სახლის გაჟონვებში მონაწილეობაზე სპეკულაცია არ დაუწყიათ.

საინფორმაციო სააგენტოების ყურადღება ასევე მიიპყრო ობამას ეგრეთ წოდებულმა სამიზნეთა სიამ, რომელშიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირები არიან შეყვანილნი. პრეზიდენტი მათი დაჭერის და განადგურების სცენარს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დახურულ კარგს მიღმა განიხილავს და ეს ონლაინფორუმებსა თუ ჟურნალების ფურცლებზე აქტიურად განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ ესეც ობამას იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მას ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩენდა. ამ ეჭვს ისიც ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციას პრესის ბრალდებები არ უარუყვია.

საარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამა თავს ესხმოდა საკითხისადმი ბუშის მიდგომას და არჩევის შემთხვევაში ელექტორატს „რბილი ძალის” მეშვეობით ჰპირდებოდა პრობლემების გადაწყვეტას. პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხაზს უსვამდა დიპლომატიის გზებით კონფლიქტების მოგვარების უპირატესობას და სურდა, თავი სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებულად წარმოეჩინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ობამამ თეთრი სახლი დაიკავა, „რბილი მიდგომა” ხისტ პოლიტიკად გარდაიქმნა და ტერორიზმთან ბრძოლაზე მისი შეხედულებებიც, როგორც ჩანს, შეიცვალა.

დღეს პრეზიდენტი თავად წყვეტს, როდის და რა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შეტევა სამიზნე ტერორისტზე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საშიშ პიროვნებასა თუ ჯგუფებზე. არის ვითარებები, როდესაც მსხვერპლის შემთხვევაში მან უნდა მისცეს თანხმობა ოპერაციის დაწყებაზე ან შეჩერებაზე. ობამამ, პრეზიდენტობის პერიოდში, ბევრჯერ გასცა მსგავსი ბრძანება. იყო შემთხვევები, როცა სამიზნესთან ერთად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები დაიღუპნენ. 2009 წლის 17 დეკემბერს, იემენში დაბომბვამ სამიზნის მკვლელობასთან ერთად ორი მეზობელი ოჯახიც შეიწირა, მათ შორის, ბავშვებიც. 2011 წლის ნოემბერში, NATO-ს ოპერაციას 20 პაკისტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც ამერიკის საჰაერო შეტევები 2012 წლის იანვრამდე აიკრძალა. 2012 წლის 23 იანვარს, პაკისტანში თალიბანის ბუნაგის დაბომბვის ნაცვლად, პროსამთავრობო სამშვიდობო კომიტეტის წევრები და მოხუცები დაიღუპნენ.

ობამას სამხედრო საქმიანობაში ჩარევამ ბევრს მოაგონა ვიეტნამის ომის დროინდელი ლინდონ ჯონსონი, რომელიც თვითონ ირჩევდა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ამერიკული ბომბდამშენების სამიზნე. თუმცა, ობამასგან განსხვავებით, მას სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. პრეზიდენტისთვის, რომელსაც მსგავსი სიტუაციებისთვის საჭირო მომზადება არ გააჩნია, ადეკვატური გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ძნელია და შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი დრო დაიკარგოს. პრეზიდენტის ჩართულობა სადაზვერვო სამუშაოებს ეფექტურობას უკარგავს, რადგან სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა, შესაძლებელია, პირველი პირის წინაშე პოზიცია დათმონ.

ობამა ხელისუფლებაში მოსვლამდე გუანტანამოს ციხის გაუქმების იდეით გამოდიოდა, იქ გაბატონებული მკაცრი მოპყრობის გამო. თუმცა, მისი პრეზიდენტობის დროს, 3 წლის განმავლობაში, ორჯერ მეტი (სავარაუდოდ, ტერორისტულ ქმედებაში ჩაბმული) ადამიანი იქნა მოკლული, ვიდრე გუანტანამოს ციხის არსებობის მანძილზე იქ ჩაუსვამთ. როგორც Washington Post-ის პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ კრაუტჰამერი წერს: „ერთი ტერორისტის დაჭერა პოტენციურად ათ სიკვდილს აგვაცილებდა თავიდან, თუმცა ობამას ტერორიზმთან ბრძოლის არანორმალურობის გათვალისწინებით, დაპატიმრებები საერთოდ აღარაა პრაქტიკაში”.

კრიტიკოსების აზრით, მთავრობის ხელმძღვანელი ტერორისტების დაკავებას ერიდება, ვინაიდან არ სურს საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ მოიქცეს: დაკითხვის მკაცრი ზომები გამოიყენოს ან დამნაშავე გუანტანამოს ციხეში გაამწესოს. ამ შემთხვევაში ის მემარცხენე მხარდამჭერთა ნაწილს დაკარგავს. ტერორისტთა პირდაპირი მკვლელობით სამართალდამცავები ტერორისტული დაჯგუფებების შესახებ ღირებულ სადაზვერვო ინფორმაციას კარგავენ.

ობამამ ბინ ლადენის მკვლელობის საკუთარი კამპანიისთვის გამოყენებაც სცადა. საარჩევნო კლიპში – „ერთი შანსი” – ის ხაზს უსვამდა, რომ რომნი ბინ ლადენის მოკვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. საპასუხოდ კი რომნიმ ობამას სამხედრო საკითხებში გენერლების რჩევების გაუთვალისწინებლობასა და ჩინეთ-რუსეთის მოთაფვლის მცდელობაში დასდო ბრალი.

როგორც რამდენიმე გამოცემამ დაწერა, ობამას ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე გავლენა იქონია თომა აკვინელის და ნეტარი ავგუსტინეს Bellum Iustum-ის, ანუ სამართლიანი ომის თეორიებმა. Wall Street Journal-ის მიხედვით, ტერორისტები კათოლიკე ფილოსოფოსების მიერ hostis humani generis ანუ კაცობრიობის მტრებად ჩაითვლებოდნენ და სწორედ ამიტომ, მათზე სამართლიანი ომის პრინციპები არ გავრცელდებოდა. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთი პრაგმატული პრეზიდენტი, როგორიც ობამაა, დოქტრინებით ხელმძღვანელობდეს.

კონსერვატორი ოპონენტები ობამას ამერიკის ინტერესების უგულებელყოფასა და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წამყვანი პოზიციების დათმობაში სდებენ ბრალს. ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად მათ სირიის კრიზისზე ამერიკის უმოქმედობა, რუსეთთან „მოქნილი პოლიტიკა” და ერაყის და ავღანეთის დატოვება მოჰყავთ. ერაყიდან და ავღანეთიდან გამოსვლას ხომ ამერიკის, როგორც რეგიონში წამყვანი მოთამაშის, ჩინეთით და რუსეთით ჩანაცვლება შეიძლება მოჰყვეს.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ NATO-ს ძალების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ იქმნება საშიშროება, რომ დასავლეთ პაკისტანში ალ-ყაიდა კვლავ გააქტიურდება და თვლიან – სიტუაციის მოსაგვარებლად, მოკლევადიანი პირადი პოლიტიკური მიზნების გვერდზე გადადებაა საჭირო. მით უმეტეს, რომ ობამამ ისედაც გაანაწყენა მხარდამჭერები, რომლებიც მას პაციფისტად მიიჩნევდნენ.

კომენტარები