მაია ფანჯიკიძე

კოალიციას კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა აწარმოოს კონფლიქტურ მხარეებთან დიალოგი

აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებლად შედგება, რომელიც საბოლოო მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას გაითვალისწინებს. ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

”კოალიცია არასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას. ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოსავალი წერტილი.” - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, არსებულ ხელისუფლებას აფხაზეთთან და ოსეთთან ნდობის აღდგენისთვის ყველანაირი რესურსი ამუწურული აქვს, ახალ ხელისუფლებას კი, კონფლიქტური სიტუაციის უკეთეს ეტაპზე გადასაყვანად ყველანაირი რესურსი ექნება.

მისი განმარტებით, კოალიცია ქართულ ოცნებას კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა აწარმოოს კონფლიქტურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი.

"ვერავინ ვერავის შეპირდება, რომ ეს პრობლემები მალე გადაიჭრება, მაგრამ გეგმა, რომ პირდაპირი დიალოგი გაიმართოს, არსებობს და ჩვენ ყველანაირი რესურსის გამოყენებას ოქტომბრიდან შევუდგებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გამოცემა Limes - თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის აფხაზურ მხარეს ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები სჭირდება, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის გარდა, სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში, იქნებოდა ყველანაირი შესაძლებლობა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის.” - აღნიშნა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

 

კომენტარები