საბერძნეთი

საბერძნეთში კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს

საბერძნეთის სამ პარტიას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. ამის შესახებ სოციალისტური მოძრაობა პასოკის ლიდერმა ევანგელოს ვენიზელოსმა ახალი დემოკრატიის ლიდერ, ანტონის სამარასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

”საბერძნეთს მთავრობა ჰყავს”. - აღნიშნა ვენიზელოსმა.

კონსერვატიულმა პარტიამ ახალი დემოკრატია 17 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო.

BBC - ის ინფორმაციით, გარდა პასოკისა და კონსერვანტებისა, მმართველ კოალიციაში მცირერიცხოვანი პარტია დემოკრატიული მემარცხენე ძალები შევა. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ახალი დემოკრატიის ლიდერი ანტონის სამარასი დაიკავებს. კოალიციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კოალიციაში შემავალი სამივე პარტია ემხრობა საბერძნეთის ევროზონაში დარჩენას და აგრეთვე, ათენის მიერ უცხოელ კრედიტორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბერძნეთის პრეზიდენტმა კარლოს პაპულიასმა მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მაისის არჩევნებზე გამარჯვებულ პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები