პაკისტანი

პაკისტანში ცნობილი მომღერალი ქალი მოკლეს

გუშინ ღამით პაკისტანში ცნობილი მომღერალი ქალი გაზალა ჯავდი საკუთარ მამასთან ერთად  მოკლეს. მოძრაობა თალიბანის მიერ სიმღერების და ცეკვების აკრძალვის მიუხედავად, მომღერალი საქმიანობას არ წყვეტდა.

BBC-ის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივისა და ვითარების შესახებ ორი ვერსია არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, მომღერლი მამის სახლში იმყოფებოდა, როდესაც მათთან უცხო პირი შეიჭრა და ორივე მოკლა. ხოლო მეორე ვერსიით, მათ მოტოციკლეტზე მჯდომმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლი ქუჩაში გაუხსნა.

ქალის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლეა. გაზალა ჯავდიმ ერთი წლის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ქმარს ეყრებოდა, რადგან მას მეორე ცოლიც ჰყავდა. ქალის მიერ ქმართან გაყრის სურვილის გამოთქმა პაკისტანში მეუღლის შეურაცხყოფად მიიჩნევა.  

მეორე ვერსიით, გაზალა ჯავდი სიკვდილით თალიბანის მოძრაობამ დასაჯა. მომღერალი, რომელიც ხშირად მღეროდა სიმღერებს მშვიდობის შესახებ, მოძრაობისგან მუქარებს იღებდა.

პოლიცია ქალის მკვლელობასთან თალიბანის კავშირის რაიმე მტკიცებულებას ამ დროისთვის არ ფლობს.

გაზალა ჯავდი სიმღერებს პუშტუს, იგივე ავღანურ ენაზე ასრულებდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა პაკისტანში, ავღანეთსა და პუშტუს ენაზე მოსაუბრე ქვეყნებში. 

კომენტარები