ბაგრატის ტაძარი

ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძარის რესტავრაციაზე გამოთქმულ შენიშვნებს პასუხობს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმღძანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა ბაგრატის ტაძარის რესტავრაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული რეალობა ტაძრის რესტავრაციის გარშემო გამოთქმული შენიშვნების საპირისპიროს ამტკიცებს და რესტავრატორების მიერ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი.

ნიკა ვაჩეიშვილი უარყოფს მოსაზრებას, თითქოს რესტავრაციის პროცესში მხედველობაში არ იყო მიღებული არქეოლოგიური ფენები და რკინა-ბეტონის ძელებმა ამ ფენების დიდი ნაწილი გაანადგურა.

განცხადებაში ასევე უარყოფილია მოსაზრება, რომ მიმდინარე სამუშაო არსებული ქსოვილის (ტექსტურის) კონსერვაციაზე არ იყო დაფუძნებული და ახალი ქვით მოპირკეთებამ ავთენტური ქვის წყობის უმეტესი ნაწილი დაფარა და მოსპო წარსული ინტერვენციები.

,,სწორედ სიძველის შესანარჩუნებლად, დასაცავად და წარმოსაჩენად ტაძრის სრულ სხეულში განხორციელდა ბაგრატის რესტავრაციის პროექტი. ძველის მიჩქმალვა და არაფრად ჩაგდება რომ გვდომოდა, ახალ ტაძარს ავაშენებდით. ბაგრატის პროექტით მოხდა საუკუნოვანი ისტორიისა და მომავლის დაკავშირება.’’-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე რეალობისგან საპირისპიროდ არის შეფასებული მოსაზრება, რომ პროექტირების პროცესში ჩამოცვენილი 400 ქვიდან მხოლოდ ორია რესტავრაციაში გამოყენებული და ნათქვამია, რომ ამ ქვების გამოყენება საჭიროებისამებრ ხდებოდა.

ნიკა ვაჩეიშვილი ლიფტის საკითხსაც ეხმაურება და განმარტავს, რომ ტაძარში დასამონტაჟებელ დიდ ლიფტზე საუბარი ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

,,დაგეგმილია მოეწყოს კიბე, რომელიც საკმაოდ მაღლა, მე-3 სართულის დონეზე ავა და მიმსვლელთ შეიყვანს ტაძრის მინაშენში, აქ დაგეგმილია მცირე ექსპოზიციის მოწყობა ტაძრის ტერიტორიის წარმოსაჩენად. სწორედ კიბის შუაში უნდა ჩადგეს მცირე ელევატორი-ლიფტი, რომელიც გარედან არც წაიკითხება, სამაგიეროდ მიმსვლელთ ძალზე გაუადვილებს სიმაღლეზე ასვლას.’’-ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ლითონის პატრონიკეს ტაძრის დასავლეთ ნაწილში, ვაჩეიშილი განმარტავს, რომ ტაძრის ეს ნაწილი ჭურვებით აფეთქებამ განსაკუთრებით დააზარალა და მცდელობის მიუხედავად შეუძლებელი გახდა იქ ქვის სვეტების დადგმა. 

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა. 

კომენტარები