საბერძნეთი

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა

საბერძნეთში გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კონსერვატიული პარტია ახალი დემოკრატია ლიდერობს.

BBC – ის ინფორმაციით, ხმათა 99 პროცენტზე მეტი უკვე დათვლილია და ანტონის სამარასის პარტიამ 29.7% მიიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, რადიკალი მემარცხენეების პარტია სირიზამ ხმათა 26.9 პროცენტის მოგროვება შეძლო, ხოლო სოციალისტურმა მოძრაობა პასოკმა 12.3%. პარტიებმა, შესაბამისად, პარლამენტში 129, 71 და 33 ადგილი მიიღეს.

აღნიშნული შედეგების მიხედვით, კონსერვატიული პარტია ახალი დემოკრატია კოალიციური მთავრობის შექმნას შეძლებს.

ახალი დემოკრატიის ლიდერის ანტონის სამარასის განცხადებით, ბერძენმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მათი ქვეყნის ევროზონაში დარჩენას მისცა. დამარცხებული პარტიის, სირიზას ხელმძღვანელმა ალექსის ციპრასმა კი, რომელიც თავიდანვე აცხადებდა, რომ ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების შემცირების სანაცვლოდ, ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების მიღებას არ უჭერდა მხარს, აღნიშნა, რომ ახალი დემოკრატიის ლიდერს უნდა მიეცეს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა.

გავრცელებული ცნობით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ლიდერს უკვე მიულოცა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ფედერაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთი ევროზონის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბერძნეთის პრეზიდენტმა კარლოს პაპულიასმა მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მაისის არჩევნებზე გამარჯვებულ პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ მოხერხდა.

კომენტარები