ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე სარჩელის განხილვა 21 ივნისს განახლდება

სააპელაციო სასამართლოში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სხდომა 21 ივნისისთვის გადაიდო.

დღეს გამართული პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ქართული ოცნების ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, აპელანტი მხარის განცხადებები კანონთან შეუსაბამობაშია და გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონის საფუძველზეა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვდელიძეს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

2011 წლის 27 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით 21 ივნისს დადგენილებას გამოიტანს და ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დღევანდელი სააპელაციო სხდომის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და შემდეგ საქმე გადაეგზავნება ევროსასამართლოს.

 

კომენტარები