პაკისტანი

33-წლიანი პატიმრობა ექიმს, რომელმაც ამერიკას ბინ ლადენი აპოვნინა

ავღანეთში NATO-სა და ამერიკის სამხედროებისათვის პაკისტანის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების აღდგენასთან დაკავშირებული შეთანხმების ჩავარდნიდან ცოტა ხანში ოფიციალურ ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ახალი კონფლიქტი მომწიფდა.

პაკისტანის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ადგილობრივ ექიმს, შაქილ აფრიდის, რომელიც ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენაში მთავარ ფიგურად სახელდება. ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ შარშან პაკისტანში დაწყებული პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამა ალ-ყაიდას ლიდერის, ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დასადგენად ჩასატარებელი ოპერაციის შესანიღბად გამოიყენა. ექიმთა ჯგუფი, შაქილ აფრიდის ხელმძღვანელობით, ქალაქ აბოტაბადეში (სადაც, ამერიკელთა აზრით, ბინ ლადენი აფარებდა თავს) ადგილობრივი მოსახლეობისგან სისხლის ანალიზს იღებდა. ეს სინჯები შემდგომ ამერიკის დაზვერვას ეგზავნებოდა, რომელიც, თავის მხრივ, დნმ-ის ანალიზს ატარებდა. ამას მოჰყვა 2011 წლის მაისის ცნობილი სპეცოპერაცია და ამერიკელების მიერ მსოფლიოს პირველი ტერორისტის განადგურება.

ბუნებრივია, პაკისტანის შესაბამის ორგანოებს არ გასჭირვებიათ იმ ექიმის აღმოჩენა, რომელიც ამერიკელების მთავარი წყარო გახლდათ. ექიმი აფრიდი დააკავეს, მისი ქონება და საბანკო ანგარიშები კი დააყადაღეს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, შაქილ აფრიდის ბინ ლადენის განადგურებიდან მალევე შესთავაზეს ოჯახთან ერთად ამერიკაში დასახლება, თან არაერთხელ, თუმცა ექიმისგან უარი მიიღეს. აფრიდის ძმის მტკიცებით კი, ამერიკის მხარეს დახმარება არასდროს შეუთავაზებია და ის განტევების ვაცად გამოიყენეს.

პაკისტანელი ექიმის დაკავებას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, „აფრიდის დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ არსებობდა”. ამავდროულად, კლინტონმა უსამართლობა უწოდა ექიმისთვის განკუთვნილ სასჯელს და პირობა დადო, რომ პაკისტანის მხრიდან ვერდიქტის გადახედვას მიაღწევდა. ამერიკელი ოფიციალური პირების გაცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილე პირის სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება მიუღებელია. თავის მხრივ, სენატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პაკისტანს 33 მილიონი დოლარით შეუმცირონ დახმარება – იმდენით, რამდენი წელიც აქვს მისჯილი ექიმს. სიმბოლურად.

გასულ კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, დააზუსტოს ექიმი აფრიდის დაკავების „ახალი საბაბის” დეტალები”. ბოლოს გავრცელებული სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, შაქილ აფრიდი გასამართლდა არა ამერიკელებთან თანამშრომლობის, არამედ პაკისტანში აკრძალული სამხედრო დაჯგუფების, ლაშქარ-ე-ისლამის მეთაურებთან შეხვედრის და მათთვის დახმარების აღმოჩენის გამო. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ეს ოფიციალური ისლამაბადის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ ამიტომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს დეტალების გარკვევაზე და ექიმის დახსნაზე.

1 ივნისს Washington Post-ში გამოქვეყნდა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელ კონგრესმენთა წერილი, რომელშიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო საიდუმლოებების გამიზნულად გაჟონვაშია დადანაშაულებული. წერილის ავტორები აცნობიერებენ, რომ მედიაში და, ზოგადად, საზოგადოებაში მსგავსი დეტალების მიმართ ძალიან დიდია ინტერესია, თუმცა, მათივე თქმით, ეს საფრთხეს უქმნის მომავალში მსგავსი ოპერაციების წარმატებას და მასში მონაწილე პირების უსაფრთხოებას.

ამერიკელ ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა აზრით, პრეზიდენტ ობამას ამ საკითხის გარშემო მეტი სიმკაცრე და სითამამე მოეთხოვება. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსის, ჩარლზ კრაუტჰამერის შეფასებით, პაკისტანისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას ბევრად უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა, თუ ამას თავად პრეზიდენტი განაცხადებდა. მისივე თქმით, ისლამაბადის დაშოშმინება ინდოეთთან ურთიერთობის გაღრმავებით შეიძლება. „თუ გინდათ, მიიღოთ რეაქცია პაკისტანისგან, ახსენეთ ინდოეთი. გამოაცხადეთ, რომ ჰილარი კლინტონი ვიზიტით ეწვევა ნიუ დელის”, – განაცხადა კრაუტჰამერმა.

ოფიციალური ისლამაბადის უკმაყოფილების კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, დევიდ პეტრიუსის და პაკისტანის დაზვერვის ახლადდანიშნული უფროსის, გენერალ ლეიტენანტ ზაჰირ ულ-ისლამის წინა კვირას დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. როგორც პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, ამას მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აქვს – „გადაუდებელი მოვალეობები”.

აფრიდის დაცვის მხარემ კი უკვე განაცხადა ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დაცვის მხარეს მთელი რიგი პრობლემები აქვს გასაჩივრებისათვის საჭირო საბუთების მოგროვების პროცესში. მათი თქმით, აფრიდის ადვოკატებმა ვერ შეძლეს ვერც სასამართლოს ვერდიქტის ასლის მოპოვება და ვერც დაკავებულთან შეხვედრა საჭირო ხელმოწერის მისაღებად. შედეგად, ეს პროცესი დროში იწელება, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ამერიკასთან ვაჭრობაში პაკისტანის კიდევ ერთი კოზირია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ავღანეთში ტრანზიტთან დაკავშირებით პაკისტანსა და ამერიკას შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

კომენტარები