NATO

ასპირანტთა ლიგა

ცოტა ხნის წინ ჩიკაგოში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველო ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში ბალკანეთის სამ ქვეყანასთან – მაკედონიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და მონტენეგროსთან ერთად მოექცა. ჩიკაგოში მათ თბილი სიტყვები და დაპირებები მოისმინეს, თუმცა ეს გაფართოების სამიტი არ ყოფილა. შესაბამისად, ქვეყნები მომავალს შეჰყურებენ იმედით. მით უმეტეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა – ჩიკაგოს სამიტი უკანასკნელი იქნება, სადაც ალიანსის გაფართოება არ მოხდაო. ბოლოს NATO 2009 წელს გაფართოვდა, როდესაც ალიანსში ალბანეთი და ხორვატია მიიღეს.

რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი შანსი, ალიანსში სხვაზე ადრე გაწევრიანდეს, ამის შეფასება რთულია. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრებმა საბოლოოდ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უამრავ კომპლექსურ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმნიშვნელოვანესია ასპირანტ ქვეყნებში არსებული ვითარება – განვითარების, დემოკრატიულობის და სხვა თვალსაზრისით.

ბალკანეთის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებასთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა სამივეს სხვადასხვა დაბრკოლება თუ გამოწვევა აქვთ – მაკედონიას წევრობის სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 1999 წელს აქვს მიღებული, ალიანსში მის მიღებას კი საბერძნეთი ბლოკავს, რომელიც მაკედონიას სახელის შეცვლას სთხოვს. ქვეყნებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება. თავის მხრივ, 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი უარს აცხადებდა სახელის შეცვალაზე NATO-ში გაწევრიანების მიზნით, თუმცა ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერა მაკედონიის მოსახლეობაში ასევე მაღალია.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიიღო. ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი ხანია ჩამოყალიბდა კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. მთავრობამ შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა წამოიწყო, რათა ალიანსის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ამავე დროს, ალიანსის წევრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება საზოგადოებრივი აზრი. ბოსნია-ჰერცეგოვინა ორი სუბიექტისგან შედგება – ხორვატ-მუსლიმური ფედერაციისა და სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სერბსკასგან. მართალია, 2009 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი NATO-ს წევრობას ემხრობოდა, მაგრამ მოქალაქეების აზრი ამ საკითხზე ეთნიკური ნიშნით გაიყო – თუ ალიანსში გაწევრიანებას მუსლიმთა და ხორვატთა 90 პროცენტამდე ემხრობოდა, სერბებს შორის NATO -ში ინტეგრაციის მხარდაჭერა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. ქვეყნისთვის, რომელმაც 90-იან წლებში უსასტიკესი ეთნიკური კონფლიქტი გადაიტანა, საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის არარსებობა შიდა სტაბილურობისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ალიანსში გაწევრიანების კიდევ ერთი ოფიციალური კანდიდატის – მონტენეგროს მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პრიორიტეტებად ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანება დაასახელა. MAP-ი მას 2009 წელს მიენიჭა. ქვეყანამ შეიარაღებული ძალების სრული გადაიარაღება დაიწყო და ალიანსის ოპერაციებში მონაწილეობს.

მაგრამ ინტეგრაციის პროცესისთვის მთავარი გამოწვევა მონტენეგროს შემთხვევაშიც საზოგადოებრივი აზრია. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 40-დან 50 პროცენტამდე მხარს უჭერდა NATO-ში გაწევრიანებას, დაახლოებით 40 პროცენტი კი – წინააღმდეგია. ამის მიზეზი ისაა, რომ მონტენეგროს მრავალი მოქალაქე უარყოფითად აფასებს NATO-ს ძალების მიერ 1999 წელს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას იუგოსლავიის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ მონტენეგროც შედიოდა.

საზოგადოების განწყობის პრობლემა, დანარჩენი ასპირანტებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ დგას საქართველოში. 2008 წელს პლებისციტზე ქვეყნის მოსახლეობის 77 პროცენტმა NATO-ში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მხარს უჭერდა, 17 პროცენტი კი „სრულად უჭერდა მხარს” საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. წინააღმდეგი რესპონდენტთა მხოლოდ 7 პროცენტი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ასპირანტი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, ის საკმაოდ განსხვავებულია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია მონტენეგროში – 13 ათასი აშშ დოლარი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2011 წლის მონაცემებით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით). მაკედონიაში ეს მაჩვენებელი 11 ათასს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში – 8500-ს, საქართველოში – 5500 აშშ დოლარამდე შეადგენს.

გაწევრიანების მომენტისთვის (2008 წლის მონაცემებით) ალბანეთში მშპ ერთ სულზე 7740 დოლარს შეადგენდა, ხორვატიაში – 18 200-ს.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, CIA – The World Factbook-ის თანახმად, ამ ქვეყნებს შორის აქვს ბოსნიას – 43 პროცენტამდე. მაკედონიაში უმუშევრობა 30 პროცენტს აღწევს. ხორვატიაში – 18; საქართველოში – 16,3; ალბანეთში – 13, მონტენეგროში კი 11,5 პროცენტს არ აღემატება.

ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დასაქმების სტრუქტურის მხრივაც. საქართველოში მოსახლეობის 55 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მრეწველობაში – 9 პროცენტი, მომსახურებაში კი – 36. ალბანეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 47%, 23 – მრეწველობაში და 30 – მომსახურებაში. ინდუსტრიასა და სერვისზე დასაქმების შედარებით დიდი წილი მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მაკედონიაში, სადაც მომსახურებაში მოსახლეობის 50-60 პროცენტია დასაქმებული. მონტენეგროსა და ხორვატიაში დასაქმების უდიდესი წილი მომსახურებაზე, 20-30 პროცენტი კი მრეწველობაზე მოდის.

ოთხივე ასპირანტსა და ალიანსის ახალ წევრებს ურბანიზაციის მსგავსი მაჩვენებლები ახასიათებთ. საქართველოში ქალაქის მოსახლეობის წილი 53 პროცენტია. ყველაზე დაბალი ეს მაჩვენებელი ბოსნიაშია (49%), ყველაზე მაღალი – მონტენეგროში (61%).

დემოკრატიის განვითარების ხარისხი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ მხრივაც ასპირანტებს განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. Freedom House-ის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, თავისუფალ ქვეყნებს მონტენეგრო განეკუთვნება, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო – ნაწილობრივ თავისუფალს.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ოთხივე ქვეყანაში მედია ნაწილობრივ თავისუფალია. ამავე ნიშნით იმავე კატეგორიაში დღემდე რჩებიან ალიანსში ახალგაწევრიანებული ხორვატია და ალბანეთი. ეს უკანასკნელი დღემდე ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ მიიჩნევა.

გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაიუმჯობესა და Freedom House-ის რეიტინგში 111-ე ადგილი უკავია. ასპირანტებს შორის საქართველო ამ მხრივ უსწრებს მაკედონიას, რომელიც 115-ე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩება მონტენეგროს (75-ე ადგილი) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (95).

ამავე დროს, პრესის თავისუფლების მხრივ ოთხივე ასპირანტი საკმაოდ უსწრებს ალიანსის სტაჟიან წევრს, თურქეთს, რომელიც 117-ე ადგილზეა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება.

კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, თუ Transparency International-ის რეიტინგებს დავეყრდნობით, საქართველოს ოთხივე ასპირანტს შორის პირველი ადგილი უკავია. კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსით (CPI), საქართველო 64-ე ადგილზე იმყოფება 4,1 ქულით და უმნიშვნელოდ უსწრებს მონტენეგროს (66 – 4,0). კორუფციის დონე მკვეთრად მაღალია ბოსნია-ჰერცეგოვინაში (3,2 ქულა და 91-ე ადგილი) და მაკედონიაში (3,9 – 69).

ხორვატია, ალიანსში გაწევრიანებისას, ანუ 2008 წლის მონაცემებით, იმავე ადგილზე იმყოფებოდა, რაზეც საქართველო, ალბანეთი კი მათ საგრძნობლად ჩამორჩებოდა.

Transparency International-ის კიდევ ერთი კვლევა – გლობალური კორუფციის ბარომეტრი, კორუფციის შესახებ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ეყრდნობა. 2011 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 77 პროცენტმა მიიჩნია, რომ ხელისუფლება კორუფციას ეფექტურად ებრძვის. ბოსნიაში ანალოგიური კვლევის შედეგად კორუფციასთან ბრძოლას ეფექტურად მხოლოდ 23 პროცენტი აფასებდა. მაკედონიაში – 53, NATO-ს წევრ ხორვატიაში – 28.

ქვეყნების განვითარების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსიც (HDI), რომელსაც გაეროს განვითარების სააგენტო აქვეყნებს. ინდექსი კეთილდღეობის დონის დასადგენად ისეთ მონაცემებს ეყრდნობა, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლებისა და ცხოვრების დონე.

ოთხივე ასპირანტი კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. მათ შორის პირველ ადგილზე მონტენეგროა, რომელსაც მსოფლიოში ამ ნიშნით 54-ე ადგილი უკავია. შემდეგ მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინა (74), საქართველო (75), მაკედონია (78).

ხორვატია ასპირანტებს საგრძნობლად უსწრებს და „ძალიან მაღალი” კეთილდღეობის სახელმწიფოებს შორის იმყოფება (46-ე ადგილი). ალბანეთი კი მხოლოდ 70-ე ადგილზეა და ასპირანტ მონტენეგროს ჩამორჩება.

ამ ქვეყნებში განათლების დონე შესაძლებელია სტუდენტების მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) რეიტინგის მიხედვით შეფასდეს. სახელმწიფოებს ცალ-ცალკე ქულები ენიჭებათ კითხვის, მათემატიკისა და დანარჩენი მეცნიერებების მიხედვით. 2009 წლის კვლევაში ხორვატია, მონტენეგრო და ალბანეთი მონაწილეობდნენ, 2010 წელს ორგანიზაციამ რეიტინგს საქართველოს შეფასებაც დაამატა. ამ მონაცემებით, მოწინავე პოზიციებზე იმყოფება ხორვატია (შესაბამისად, 476, 460 და 486 ქულით). საქართველო (374, 379 და 373) როგორც ხორვატიას, ისე მონტენეგროს და ალბანეთს ჩამორჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეიტინგის თანახმად, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობასა და მედიცინის ხელმისაწვდომობას აფასებს, საქართველო 114-ე ადგილზეა. ამ მხრივ მას უსწრებენ ასპირანტი ქვეყნებიც და ასევე, ხორვატია და ალბანეთი. მოწინავე ადგილი (43) ხორვატიას უკავია.

საქართველოს გამორჩეული მდგომარეობა აქვს მსოფლიო ბანკის 2012 წლის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის მიხედვით. ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილზე მოხვდა და უსწრებს როგორც თანაასპირანტებს, ასევე ალიანსში ახალგაწევრიანებულ ქვეყნებს. მაკედონია 22-ე ადგილზეა, შემდეგ მოდიან: მონტენეგრო (56), ხორვატია (80), ალბანეთი (82), ბოსნია-ჰერცეგოვინა (125).

ასევე მოწინავე ადგილზეა საქართველო Heritage Foundation-ის მიერ შედგენილი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სადაც 34-ეა და „საშუალოდ თავისუფალი” ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე კატეგორიაში, თუმცა უფრო დაბალ პოზიციებზე, არიან მაკედონია (43) და მონტენეგრო (72), ასევე ალიანსის წევრები ალბანეთი (57) და ხორვატია (83). ბოსნია-ჰერცეგოვინა 104-ე ადგილზეა და „მეტწილად არათავისუფალი” ეკონომიკის კატეგორიაში იმყოფება.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ბოლო ინდექსის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შეადგინა, სხვა ასპირანტ ქვეყნებს მონტენეგრო უსწრებს (მე-60 ადგილი). მას ჩამორჩებიან – ხორვატია (76), ალბანეთი (78), მაკედონია (79) და საქართველო (88). თუმცა საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას (100) უსწრებს.

ამავე დროს, საქართველო გამორჩეულ ადგილს იკავებს კრიმინოგენული სიტუაციის კუთხით. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხთა ცნობილმა სპეციალისტმა, ჰოლანდიელმა ან ვან დაიკმა ჩაატარა.

კვლევა მოქალაქეთა გამოკითხვას ითვალისწინებდა იმის თაობაზე, თუ რამდენად დაზარალდნენ ისინი კრიმინალისგან 2011 წელს. ავტომანქანის გატაცება, ქურდობა, ძარცვა და თავდასხმა-მუქარა – ამ დანაშაულებისგან გამოკითხულთა მხოლოდ 0-დან 0,5 პროცენტამდე დაზარალდა. ბოლო წლებში საქართველოში დანაშაულის მაჩვენებლები მუდმივად იკლებდა.

ვან დაიკის დასკვნით, “საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან, რამდენიმე წელიწადში, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა”.

საქართველოში პრაქტიკულად დამარცხებულია ორგანიზებული დანაშაული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ 2009 წლის შემდეგ ძალადობრივი დანაშაული გაიზარდა ალბანეთში. ქვეყანაში კვლავ მაღალ დონეზეა ორგანიზებული დანაშაული. ბოლო წლებში კრიმინალი გაიზარდა ბოსნიაშიც – უმეტესად შეიარაღებული ძარცვა და ავტომანქანების გატაცება. ქურდობა და ორგანიზებული დანაშაული ასევე გავრცელებულია მაკედონიაში. შედარებით დაბალ დონეზე რჩება კრიმინალი ხორვატიასა და მონტენეგროში.

ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა, როგორც ალიანსის ამოცანების პრაქტიკული მხარდაჭერა და მისი წევრების უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თითოეული ქვეყნისთვის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. პოლიტიკურის გარდა, ავღანეთის მისიას წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის სამხედრო განზომილებაც აქვს – სწორედ ერთობლივი საბრძოლო მისიების დროს იხვეწება ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობა ალიანსის სამხედრო ძალებთან და ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობით საბრძოლო გამოცდილების დონეც იზრდება.

ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის NATO-ს და მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი. დღეისთვის ავღანეთში 800-მდე ქართველი სამხედრო იმყოფება. მათი უდიდესი ნაწილი, ერთი ბატალიონის სახით, საბრძოლო დავალებებს ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებს. კიდევ ერთი ბატალიონი ავღანეთში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

საქართველოს ფონზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება როგორც სხვა ასპირანტი ქვეყნების, ასევე NATO-ს ახალი წევრების წვლილი. ალბანეთს ავღანეთში 290 სამხედრო ჰყავს, ქაბულსა და დასავლეთ რეგიონში. ხორვატიას – 320, დედაქალაქსა და შედარებით უსაფრთხო ჩრდილოეთში. მონტენეგროს კონტინგენტი 39 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება, ბოსნიის – 59, ორივე კონტინგენტი ჩრდილოეთ რეგიონშია. მაკედონია ISAF-ის ოპერაციაში საერთოდ არ მონაწილეობს.

კომენტარები