ქართული ოცნება

ქართული ოცნების აქცია ქუთაისში

 ქუთაისში ქართული ოცნების აქცია გაიმართა. შეკრებილი ხალხის წინაშე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წარსდგა. თავის გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მისი კოალიციის დაპირებები გააცნო ხალხს. ივანიშვილმა საბიუჯეტო პრიორიტებად ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება გამოაცხადა. მან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა: ქუთაისში გუბაზ სანიკიძე, სამტრედიაში კახი კალაძე, ტყიბულში ელისო ჩაფიძე, ბაღდათში არჩილ კბილაშვილი, ზესტაფონში გოგი ქავთარაძე და ხარაგაულში ნოდარ ებანოიძე.

პრიორიტეტებზე საუბრისას მან თავდაპირველად ის საკითხები გამოყო, რომელთა მოგვარებასაც, მისი თქმით, პოლიტიკური ნება ეყოფა. ასეთ საკითხებად სასამართლოს დამოუკიდებლობა და პოლიციის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება დაასახელა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ შემცირდება კომუნალური გადასახადები, პენსიები კი არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მონიმუმი. თავის მხრივ, განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმიც გადაიხედება და ის რეალურ ნიშნულს მიახლოვდება.

ივანიშვილმა ილაპარაკა ჯანდაცვაზეც და განაცხადა, რომ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. „ცხადია, ვისაც ექნება იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან უფრო უკეთესი ან დამატებითი მომსახურება მიიღოს, მას ამის უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ვისაც არა აქვს საამისო სახსრები, და დღეს ასეა ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა, მისი სადაზღვევო პაკეტი ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული“ -განაცხადა ივანიშვილმა.

 თავის მხრივ, ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას აპირებს ივანიშვილი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. “ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი. ამისთვის საგანგებოდ დაფუძნდება ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობაში პირველი ეტაპის ინვესტირებისთვის იქნება განკუთვნილი“ - განაცხადა მან. ივანიშვილის თქმით, ამ გეგმის თანახმად, ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება და დახმარებას გაუწევენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს.

 მან მიმართვაში გამოყო განათლების საკითხიც. „ისეთ რეფორმას გავატარებთ, რომ ქუთაისი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას და კვლავ გახდება ქვეყანაში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი“ - განაცხადა ივანიშვილმა. მან თქვა ისიც, რომ დაარსდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი: „აქ, ქუთაისში, დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს“.

 გარდა ამისა, აღნიშნა, რომ გატარდება განათლების ისეთი რეფორმა, სადაც თითოეულ სოფელს ექნება თავისი სკოლა, ხარისხიანი განათლება ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. აღარავის ექნება სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა და აღარავის დასჭირდება სკოლაში მისასვლელად 12 და 20 კილომეტრის გავლა.ასევე თქვა ის, რომ მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება. თითოეული მასწავლებელი დაფასებული და დაცული იქნება ფინანსურადაც და სოციალურადაც. ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაცვა წარმატებული რეფორმის ავტორებსაც დასჭირდათ და სინანული გამოთქვა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთი კაცის „ისტერიას შეეწირა“.

 ივანიშვილმა ქართული ოცნების შემდეგი აქციაც დაანონსა, რომელიც 17 ივნისს, უკვე გურიაში გაიმართება. თავის მხრივ, ქუთაისში აქციის მონაწილეებს ხალხი იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან შეუერთდა. მათ თავდაპირველად დავით მაღრაძემ, გუბაზ სანიკიძემ და ელისო ჩაფიძემ მიმართეს.

 

კომენტარები