ქართული ოცნება

ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო: პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდები პოლიტსაბჭომ გუშინ პარტიიდან გარიცხა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს განცხადებით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდები გუშინ პარტიიდან გარიცხა . ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდების გარიცხვის გადაწყვეტილება მათ მიერ პარტიის წესდების მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო მიიღეს.

,,ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს ყოფილი წევრების ქ. ქუთაისში დაკავების ფაქტზე. მივიჩნევთ და ამას ისინი საჯარო განცხადებით თავადაც ადასტურებენ, რომ მათ მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ არა დანაშაულის ჩადენას. ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს პირები გარიცხული იქნენ პარტიის წევრობიდან. მიგვაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისათვის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებაზე შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი რეაგირება არ მომხდარა’’-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ისინი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას ემიჯნებიან და მოითხოვენ, რომ ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მათი დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა მიეცეს. აგრეთვე, ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას.

კოალიციის განცხადების მიხედვით, ქართული ოცნების გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებამ ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო. ,,ნაცვლად იმისა, რომ მან ქართული საზოგადოებისა და უცხოური თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, ის უფრო მეტი გააფთრებით განაგრძობს უკანონო მოქმედებას. ზეწოლა და მუქარა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ხელისუფლების მიზანია, დაშინებით მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედება, რასაც იგი მაინც ვერ მიაღწევს’’, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ქართული ოცნების პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი ამბობდა, რომ აღნიშნული პირები პარტია ქართული ოცნების წევრები არასდროს ყოფილან, ისინი პარტიასთან ასოცირებული ახალგაზრდები არიან, „ან მოტყუებულები, ან გადაბირებულები ან შეშინებულები ან კიდევ მოსული თავიდანვე სხვა მიზნებით“. მისივე თქმით, აქტივისტებს მსგავსი დირექტივა არავისგან მიუღიათ, მოსყიდვის თაობაზე ბრალდებებს კი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია უწოდა.

 

კომენტარები