საქართველო-აშშ

სააკაშვილი და კლინტონი „ძალაუფლების გადაცემის“ შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ძალაუფლების გადაცემის პროცესის შესახებ ესაუბრა. კითხვა ამასთან დაკავშირებით მას Reuters-ის ჟურნალისტმა დაუსვა. „შეგიძლიათ თუ არა კატეგორიულად გამორიცხოთ შესაძლებლობა, რომ თქვენ არ გახდებით პრემიერ-მინისტრი?“, - ჰკითხა კორესპონდენტმა სააკაშვილს.

ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ძალაუფლების გადაცემაა. „საქართველოში კი ეს პროცესი უფრო და უფრო დასანახი ხდება“. კერძოდ, ქვეყანას ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი, ასევე საკრებულოს წევრები. ამას გარდა, ხელისუფლება საქართველოს დეცენტრალიზაციისკენ მიდის. ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა პარლამენტი, იუსტიციის სახლი და ა.შ. რეგიონებში გადადის.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ყალიბდება, რაც ხაზს უსვამს, რომ აქცენტს ვაკეთებთ არა ინდივიდებზე, არამედ ინსტიტუტებზე. მომავალ პოლიტიკურ ვითარებაში კი მნიშნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას გააკეთებენ პოლიტიკური ინსტიტუტები და არა კონკრეტული ადამიანები“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვას სახელმწიფო მდივანმაც უპასუხა. ჰილარი კლინტონის თქმით, ლიდერები შეიძლება წავიდნენ ან ძალაუფლება მოიპოვონ, თუმცა ინსტიტუტები პარალელურად უნდა გაძლიერდეს. სახელმიწფო მდივანი ეთანხმება პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა ინდივიდები. „ამის შესრულების გზა კი არის საქართველოში საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადაცემა და ინსტიტუციური გაძლიერება“,- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ძალაუფლების გადაცემა საქართველოში ყველა არჩევნებზე ხდება. "ხელისუფლების გადაცემა მოხდება მასზე, ვისაც საქართველოს მოსახლეობა დაუჭერს მხარს. თითოეულ ჯერზე ხელისუფლებას ირჩევს ამომრჩეველი და არა სხვა გარეშე ძალა, თუნდაც მეგობარი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია და იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთით სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების ნება და არა რომელიმე პარტნიორის რეკომენდაცია. მისივე თქმით, ეს არის მთავარი ფუნდამენტი საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების. "შემდეგი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ პროცედურა ხარისხობრივად გაუმჯობესდება", - დასძინა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები