ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომრის, მანანა კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ არ სარგებლობის ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებით შედეგად მინიჭებული უფლებებით. მისი თქმით, ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილის უარის მოტივაცია განუმარტეს.
"ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კონსტიტუციის ერთ ადამიანზე მორგება მიუღებელია. განვუმარტეთ, ასევე, რომ მას მოქალაქეობის საკითხი გასაჩივრებული აქვს, თუმცა სასამართლო მის განხილვას თვეების განმავლობაში აჭიანურებს. მთავარი მიზეზი კი, რატომაც ბიძინა ივანიშვილი ამ ცვლილებით არ სარგებლობს, არის ის, რომ ხელისუფლება მას მოქალაქეობას არ ანიჭებს და პრობლემას სამართლებრივად არ ჭრის.” - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ჰილარი კლინტონთან დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის დაუსწრებლობის მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებთან მართავს და ამ ფორმატში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არცერთი პარტიის თავმჯდომარე არ არის, მონაწილეობა არ შეეძლო.
შეხვედრაში დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე, მანანა კობახიძე და თეა წულუკიანი მონაწილეობდნენ.





