ლაზიკა

ლაზიკა – კონცეფცია და პერსპექტივები

მარკ კლუგმანი

მარკ კლუგმანი
ახალ ქალაქს, ლაზიკას, სპეციალური სტატუსი ექნება და მას საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. ლაზიკის კონცეფცია და საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია.

კონცეფციაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მუშაობენ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სპეციალური კომისია, რომელიც ძირითადად პარლამენტარებითაა დაკომპლექტებული და ექსპერტები. კონცეფციის ზოგადი მიმართულებები ამ ჯგუფმა თავისუფალი ქალაქების იდეის ავტორებთან – მარკ კლუგმანთან და პოლ რომერის თანაშემწე მაურო დელორენზოსთან ერთად შეიმუშავა, თავისუფალი უნივერსიტეტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კონფერენციაზე კი თავისუფალი ქალაქის შენებასთან დაკავშირებული გამოცდილება უშუალოდ ჰონდურასის წარმომადგენლებისგან მოისმინა. ეს ქვეყანა პირველია ლათინურ ამერიკაში, რომელსაც ეკონომიკური სასწაულის მოსახდენად ახალი, ავტონომიური და თავისუფალი ქალაქის კერძო ინვესტიციების ხარჯზე მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც აქვს გადადგმული.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ზოგადი კონცეფციის მიხედვით, ლაზიკას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი და ქალაქში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა: ლაზიკის მცხოვრებს უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს დავის გადაწყვეტის მეთოდიც და ადგილიც. სასამართლოს დიდი წილი აუთსორსინგზე უნდა იყოს გატანილი – ამ მხრივ, სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ყველაზე შესაფერისი ბრიტანული სამართალია.

კონცეფციის მიხედვით, ქალაქის ადგილობრივი ადმინისტრაცია ქვეყნის მთავრობისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ინსტიტუციური მოწყობა ურჩევნია – მენეჯერული თუ დემოკრატიული. ამ ყველაფერს კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს.

ლაზიკის ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი – უცხოურ კაპიტალს და ინვესტიციებს ბარიერები არ უნდა შეექმნას, ქონება უნდა იყოს დაცული და ყველას შეეძლოს სასურველი ვალუტის არჩევა. მთელი ქალაქი ეტაპობრივად კერძო ინვესტიციების საფუძველზე უნდა აშენდეს. ამ კონცეფციის მიხედვით, მთავრობის როლი მხოლოდ ინვესტირებისთვის ხელსაყრელი, სანდო, ნაცნობი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაა.

ლაზიკისთვის გამოყოფილი ტერიტორია ევროპისა და აზიის გასაყარზე, 2000 კმ-ის რადიუსში ერთადერთი ადგილია, სადაც რეალურად შეიძლება თავისუფალი ქალაქის აშენება. ამასთან, სატრანსპორტო კავშირების და ძირითადი ინფრასტრუქტურის მხრივ, ეს ტერიტორია საკმაოდ მოგებიან პოზიციებზეა: 10, 20 და 70 კმ-ის დისტანციაზე სამი საზღვაო პორტია – ყულევი, ფოთი და ბათუმი. ლაზიკასთან ასევე ახლოსაა ორი საერთაშორისო აეროპორტი: ფოთის – 20 კმ და ბათუმის – 70 კმ-ის დაშორებით. ქალაქი ძირითადად განთავსდება საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს, რკინიგზა კი მას საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან და მეზობელ ქვეყნებთან დააკავშირებს.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ლაზიკისგან 2000 კმ-ის რადიუსში სულ 27 ქვეყანაა ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, შუა აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამ ქვეყნების

ეკონომიკა 2011 წელს საშუალოდ 4.37%-ით გაიზარდა. 27 ქვეყანაში 53 დიდი ქალაქია. აქედან 33-ში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ 53 ქალაქის ჯამური მოსახლეობა 121 მილიონს აღემატება. ორმოცდაცამეტივე ქალაქს აქვს საერთაშორისო აეროპორტი. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 150 წუთია.

სულ ამ ქალაქებში 235 სპეციალური ეკონომიკური ზონაა, რომლებიც რამდენიმე ძირითად ტიპად იყოფა: ტექნოპარკები ანუ ინოვაციური ზონები – რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად; ორგანიზებული ინდუსტრიული ზონები – რომლის მიზანია ინდუსტრიული წარმოების სტიმულირება; ტურისტული და რეკრეაციული ზონები – რომლებიც ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის წახალისებას ემსახურება; საპორტო ზონები – სატრანზიტო ტვირთბრუნვის სტიმულირებისთვის და თავისუფალი ზონები – მიზნობრივი ინვესტიციების მოსაზიდად.

სტიმულირების მიზნით, ეს სპეციალური ეკონომიკური ზონები ინვესტორებს ძირითადად სთავაზობენ: სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს, კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და რეპატრიაციას, იაფ მიწას და ადგილმდებარეობის მრავალფეროვან არჩევანს, უცხოელი მუშახელის დაქირავების შესაძლებლობას, სატრანზიტო ტვირთების თავისუფალ იმპორტს, დასაწყობებას და გადატვირთვას, გაზრდილ ამორტიზაციას IT პროგრამულ უზრუნველყოფაზე, თავისუფალ საბაჟო პოლიტიკას და მზა ინფრასტრუქტურას.

საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს ზოგადად კარგი მდგომარეობის გამო, ლაზიკას რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა უკვე აქვს: პრეფერენციული რეჟიმები დიდ და მაღალი ხარისხის ბაზრებთან – მათ შორის, ევროკავშირთან და აშშ-სთან; კორუფციის დაბალი მაჩვენებლები და ბიზნესის ადვილად კეთების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.

საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მხარე საკუთრების უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმაა. კონსტიტუციური გარანტიების საფუძველზე ლაზიკას შესაძლებლობა უჩნდება, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნას.

კომენტარები