საქართველო-აშშ

აშშ-მა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ორი საპატრულო კატარღა გადასცა

”ჩვენ დღეს ღია დემოკრატია და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ვართ”, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ბათუმის პორტში, სასაზღვრო პოლიციისთვის საპატრულო კატარღების გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა.

ნიკა გილაურმა ამერიკული მხარის დახმარებით მოდერნიზებული საპატრულო კატარღები საქართველოს ტრანსფორმაციას შეადარა. მისი თქმით, თუ საქართველო რვა წლის წინ კორუმპირებული, პოსტ საბჭოთა ტიპის ნაკლებად გნვითარებული ქვეყანა იყო, დღეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და არის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფის და საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში საკუთარ როლს ასრულებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს განვითარებისა და მოდერნიზაციის ამ რთულ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს.

ნიკა გილაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის თანადგომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. გილაურის თქმით, ამ დროს დახმარების ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ამერიკული სანაპირო დაცვის გემის შემოსვლა იყო.

ჰილარი კლინტონმა თავის მხრივ საქართველოს სანაპიროს დაცვის გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, დახმარება მოიცავს როგორც ახალი აღჭურვილობის გადაცემას, ასევე არის შემადგენელი ნაწილი აშშ-ს მცდელობისა, რომ საქართველომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი.

მისი თქმით, აშშ-ს მიზანია მიაღწიოს შავ ზღვაზე უსაფრთხოებას და საზღვრების უსაფრთხოებას როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე, ასევე შემცირდეს ადამიანის ტრეფიკინგი და კონტრაბანდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ამ დიდი სქემის მონაწილეა.

 

კომენტარები