ქართულმა მხარემ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართული პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ს სახელწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
კალანდაძის განცხადებით, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ ცალსახად ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
”მან შედარება გააკეთა ორი წლის წინანდელ საქართველოსთან, როდესაც ის ბოლოს იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ წინსვლა ნათელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საუბარია კონკრეტულ შედეგებზე, რაც აღნიშნულ სხდომაზე სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის ოკუპაციას.
"ჩვენ ვიცით რომ კლინტონს ყოველთვის ჰქონდა თავის ლექსიკონში ტერმინი – ოკუპაცია და მოწოდება, რომ მოსკოვმა და კრემლმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.





