ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომხრეა, კონფლიქტები მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირდეს. მისი თქმით, აუცილებელია, კონფლიქტების მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგეს.
ჰილარი კლინტონმა აგრეთვე, ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. კლინტონის განცხადებით, საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებზე და აღჭურვაზე.
ჰილარი კლინტონმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე და განაცხადა, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ISAF-ის მისიაში, რასაც ალიანსის წევრები აფასებენ.
"ჩვენ ჩიკაგოს სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯდები გადადგა ნატო-ს სტანდარტებისკენ", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, ძალაში რჩება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე ჰილარი კლინტონმა აგრეთვე, მოუწოდა საქართველოს ლიდერებს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების უზრუნველყოფისაკენ.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში გაღრმავდეს დემოკრატია. იგი ასევე მიესალმა უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შემქნას და აღნიშნა, რომ ეს კარგი ნაბიჯია საჩივრების განხილვისთვის.
ჰილარი კლინტონმა აგრეთვე, განაცხადა, რომ აშშ-მა მიიღო ზომები, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იყოს აშშ-ში გამგზავრება. კლინტონმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ეხმარება ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებაში. ასევე, სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია.
კლინტონმა ასევე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკურმა რეფორმებმა საერთაშორისო დონეზე დიდი მოწონება დაიმსახურა და აშშ-ს სურს, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაში საქართველოსთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.





