თბილისი

2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანი უფასო–უსადენო ინტერნეტით დაიფარება

თბილისის მერია გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში, 2012 წლის ბოლომდე ქალაქის ყველა უბანი უფასო–უსადენო ინტერნეტით დაიფარება. პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

მერიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში იქნება შესაძლებელი. უწყების ინფორმაციით, უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელ ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით „Tbilisi Loves You“ და შევიდეს ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს. სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით.

ამჟამად უფასო-უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი. პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება ქალაქში უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე ფართო მასშტაბს შეიძენს.

 

კომენტარები