ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატმა შესაძლოა იტალიის ნაკრების გარეშე ჩაიაროს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის განცხადებით, ის მზად არის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან საერთოდ მოხსნას. ეს განცხადება მან ქვეყანაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის საპასუხოდ გააკეთა. პრანდელის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ იტალიელები წავლენ ევროპის ჩემპიონატზე გუნდს თამაში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოუწევს. "თუ გვეტყვიან, რომ ეს იტალიური ფეხბურთის ინტერესებშია და ასე უკეთესი იქნება, მზად ვართ, ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდეთ, ეს პრობლემა არ იქნება. ახლა მხოლოდ იმაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მოთამაშეები, რომლებითაც გამოძიება ინტერესდება, ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წევრები არ იქნებიან", - განაცხადა იტალიურ პრესასთან ჩეზარე პრანდელიმ.

დომენიკო კრიშიტო, რომლის საქმესაც პოლიცია იძიებს, იტალიის ნაკრების შემადგენლობიდან უკვე გარიცხეს, თუმცა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი ისევ განაცხადში რჩება.

 

კომენტარები