საქართველო-თურქეთი

მიხეილ სააკაშვილი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტამბულში გამართულ ფორუმზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და კულტურათა, რელიგიების და ცივილიზაციების დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით.” - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში, თურქეთი ძირითადი ლიდერის სტატუსს იძენს, როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფო. თურქეთში ყველასთვის თვითგამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მათ თანამშრომლობაზე, მშვიდობიან თანაარსებობაზე ზრუნვას ყოველთვის ცდილობდნენ.” - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, მაგრამ დიდი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება.

"თურქეთი სააკუნეების განმავლობაში იყო დომინანტი რეგიონში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ლიდერი სახელმწიფოების რეაქციები სრულიად განსხვავებული იყო - იყო ნევროზული და ისტერიული რეაქციები, ყოფილი იმპერიები ცდილობდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევას. ამ მხრივ, გამოირჩეოდა თურქული მოდელი. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, თურქეთი მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა, დაგვხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობდა.” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 11 სექტემბრის ტერაქტმა ვითარების სირთულე გამოაჩინა და ყველას დაანახა, რომ საჭირო იყო ცივილიზაციათა მშვიდობიან თანაარსებობაზე ზრუნვა.

"2003 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა იდეებზე, რაც დანაწევრებას და დაპირისპირებას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირი უაღრესად რასისტული კავშირი იყო. რასიზმი შეეხებოდა აზიელებს, აფრიკელებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც იყო მიმართული. ისინი ერთმანეთს უპირისპირებდნენ ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებს და ეს მათი მართვის მეთოდი იყო. მაგრამ მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტურობა. ჩვენ ამაყი ვართ ჩვენი მრავალფეროვნებით და ჩვენი გამოცდილებით.” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველი საერთაშორისო ფორუმი სტამბულში 31 მაისს და 1 ივნისს იმართება. ფორუმს მსოფლიოს 65 ლიდერი ესწრება.

 

კომენტარები