საქართველო-თურქეთი

ყაველაშვილი თურქეთში ერდოღანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, 12 აგვისტოს თურქეთში ჩავიდა  და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. 

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში "რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე" ისაუბრეს. ასევე, "ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო პარტნიორობის მნიშვნელობას". 

“თურქეთი და საქართველო არ არის მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომლებსაც ღრმა კულტურული, ისტორიული და ადამიანური კავშირები გვაერთიანებს. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მონაწილე ვართ, რომელიც არის შუა კორიდორის ხერხემალი და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი გვაქვს.  საქართველო გახლავთ ასევე სამშობლო მესხი თურქების, რომლებიც იძულებულით იყვნენ გადაადგილებული, თავის ისტორიული სამშობლოდან 1944 წლის ნოემბერში და გადასახლებული. ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება, ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს სამი მილიარდი დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიცაა ხუთი მილიარდი დოლარი და ასევე რომ გვქონდეს მეტი ურთიერთინვესტიციები. იმ კარგი ატმოსფეროს წყალობით, რაც თქვენს ქვეყანაშია შექმნილი, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა 300 სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა უკვე არის განხორციელებული. ურთიერთობა, თანამშრომლობა, აგრეთვე სამხედრო თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა, ეს არის ჩვენი დღისწესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად, მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც, ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ აწმყო ღრმა ურთიერთობებისათვის, არამედ სამომავლოდ განვავითაროთ ურთიერთობები რეგიონში და მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტს ჩვენი მოლოდინები, მესხი თურქების ღირსეული და თავის საცხოვრებლებში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ როგორც თურქები ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს საჭიროებისამებრ.” - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს (სამთავრობო მედიის თარგმანი). 

მიხეილ ყაველაშვილის თქმით კი, “საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში".

"მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუეწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ სვლას. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რეგიონულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას, ამ მხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. 

ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისთვის, აღნიშნა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის  გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის, სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს, მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები, კულტურის, განათლების ახალგაზრდობის სპორტის და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით" - თქვა ყაველაშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე.

კომენტარები