ფეხბურთი

ლევან კობიაშვილს შესაძლოა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ლევან კობიაშვილის ერთი წლით დისკვალიფიკაცია მოითხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ბერლინის ჰერტას ადვოკატები სასჯელის ვადის შემცირებას ვერ მიაღწევენ, ქართველ ფეხბურთელს თამაში 2012 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 16 მაისამდე აეკრძალება.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისია ფორტუნა-ჰერტას სკანდალური მატჩის განხილვას გუშინ მიუბრუნდა. ამჯერად სადისციპლინო კომიტეტი იმ ფეხბურთელების საქმეს განიხილავდა, რომლებსაც მატჩის დროს და მის შემდეგ არასპორტულ ქმედებებში ედებათ ბრალი. 

ლევან კობიაშვილს არბიტრისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად. მატჩის მთავარმა არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰერტას კაპიტანმა მას გასახდელში კისერში მუშტი ჩაარტყა და რომ არა მოაჯირი, იგი ექვსმეტრიან კიბეზე დაგორდებოდა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ჰერტასთვის მიუღებელია. ბერლინული კლუბის ადვოკატი კრისტოფ შიკჰარდტი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და კობიაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქებას შეეცდება.

 

კომენტარები