კანადა

კანადის პოლიცია ”უცნაური” გზავნილების ავტორად პორნომსახიობს მიიჩნევს

კანადის პოლიცია გასულ დღეებში ოტავაში მიღებული ”უცნაური” გზავნილების ავტორს ეძებს. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, გზავნილებთან, რომლებიც ადამიანის სხეულის მოკვეთილ ნაწილებს შეიცავდა, კავშირი 29 წლის პიროვნებას, ლუკა როკო მაგნოტას აქვს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პორნოფილმების მსახიობია და იგი სხვადასხვა ფსევდონიმით სარგებლობს, მათ შორის ვლადიმირ რომანოვის სახელით.

ცოტა ხნის წინ ოტავაში მდებარე კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეფუთული გზავნილი მიიღეს, რომელშიც ადამიანის მოკვეთილი ტერფი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ საფოსტო ტერმინალში პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილის შემცველი კიდევ ერთი პაკეტი იპოვნა. სამართალდამცავების ცნობით, პაკეტში მოკვეთილი ხელი იდო.

პოლიციის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ოტავაში გაგზავნილი სხეულის ნაწილები ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის. პოლიციის წარმომადგენლის, იან ლაფრენიერის განცხადებით, როკო მაგნოტა ამჟამად მთავარ ეჭვმიატანილად ითვლება. მისი თქმით, გამოძიებამ დაამტკიცა, რომ მსხვერპლი და დამნაშავე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ სამართალდამცავებს მსხვერპლის მხოლოდ ცალკეული ნაწილები აქვს, ჯერჯერობით მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.

 

 

 

კომენტარები