NATO

ასპირანტებო, სწორდით! სმენა!

პრეზიდენტები ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე
REUTERS

პრეზიდენტები ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე
ფოტო: REUTERS
მჯერა, რომ ეს სამიტი უნდა იყოს უკანასკნელი სამიტი გაფართოების გარეშე – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა წარმოთქვა NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის 28 წევრი და 4 ასპირანტი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას. საქართველოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორდღიანი სამიტის დასკვნით დღეს გაიმართა. ის, რომ NATO-ს რიგით 25-ე სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნებოდა, კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. საქართველომ NATO-სგან პოზიტიური სიგნალები კვლავ მიიღო – აღინიშნა ქვეყნის პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება. თუმცა გაწევრიანების გზაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯი სამიტის ფარგლებში არ გადადგმულა. პოზიტიური სიგნალები მიიღეს სხვა ასპირანტმა ქვეყნებმაც, მაგრამ მათაც მოცდა მოუწევთ.

ის, რომ საქართველო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად მოექცა ასპირანტთა რიგებში, ჩიკაგოს სამიტის სიახლეს წარმოადგენს. ბალკანეთის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებასთან ახლოს არიან, შესაბამისად, მათთან დაჯგუფება პროგრესად იქნა აღქმული. „საქართველო ჩვენი რეგიონიდან გადავიდა ბალკანეთის რეგიონში. ფაქტობრივად, შეიქმნა არაფორმალური კლუბი და ყველამ იცის, რომ ეს სამი ბალკანური ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში გახდება NATO-ს წევრი. ამ თვალსაზრისით, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

წარსულში, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკრაინის საკითხთან ერთად განიხილავდნენ. თუმცა უკრაინაში პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან ერთად პრიორიტეტებიც შეიცვალა და ქვეყანამ ამ ეტაპზე NATO-სკენ მისწრაფებაზე უარი თქვა. საქართველოსა და უკრაინის „დაწყვილებას”, მინუსებთან ერთად, პლუსებიც ჰქონდა. ერთი მხრივ, უკრაინაში შესაბამისი რეფორმები არ ტარდებოდა, არ არსებობდა პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივი კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანებაზე. მეორე მხრივ კი, 50-მილიონიანი უკრაინა მნიშვნელოვანი ქვეყანაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და სამხედრო შესაძლებლობებით. მას NATO-ს წევრ ქვეყნებში დიდი დიასპორებიც ჰყავს და ისინი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ლობირებდნენ.

ალიანსში გაწევრიანების გზაზე ოთხივე ასპირანტ ქვეყანას მეტ-ნაკლებად განსხვავებული გამოწვევები აქვს. არავისთვის დამალული არ არის, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას რუსეთი ეწინააღმდეგება. გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემები აქვს მაკედონიასაც – ამ ქვეყნის სიტუაცია, ერთი შეხედვით, კომიკურია, რადგან MAP-ი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, თუმცა მისი ალიანსში გაწევრიანება იმიტომ ფერხდება, რომ საბერძნეთი ქვეყანას სახელის შეცვლას სთხოვს. ამ თითქოსდა მარტივ სიტუაციას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ძლიერი ნაციონალისტური განწყობები უმაგრებს ზურგს. თავის მხრივ, უფრო შიდა რეფორმების გატარება-გაგრძელებაზეა დამოკიდებული მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ბედი. ამ უკანასკნელმა კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს, მაკედონიის მსგავსად, უკვე MAP-ი აქვს მიღებული.

ჩიკაგოს სამიტის წინ NATO-ს დასავლეთში არაერთხელ მოუწოდეს, რომ ასპირანტი ქვეყნების ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივნებმა, დონალდ რამსფელდმა და უილიამ კოენმა, ასევე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, სენდი ბერგერმა, ბარაკ ობამას ამ საკითხზე წერილით მიმართეს. „დღეს NATO გზაჯვარედინზე დგას. მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნები

თავდაცვის ხარჯებს ამცირებენ, ახალი ასპირანტი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ალიანსს საჭირო სამხედრო ძალითა და რესურსებით უზრუნველყოფენ. და მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ რეგიონი მყარი და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიიწევს წინ, სტაბილურობა ბალკანეთში გარანტირებულად ვერ ჩაითვლება, – აცხადებენ ისინი და ამატებენ – თავს უფლებას ვერ მივცემთ, შერეული სიგნალები გავუგზავნოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ და სურთ, რომ მათი მნიშვნელობა გავითვალისწინოთ”. ამ ქვეყნებს შორის ისინი საქართველოსაც მოიხსენიებენ.

თავის მხრივ, ბალკანეთის ქვეყნების NATO-ში სწრაფი გაწევრიანების სხვა მხარდამჭერებს, სერბეთში ულტრანაციონალისტი პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის არჩევა იმის დასტურად მოჰყავთ, რომ ეს ქვეყნები წარსულისკენ წავლენ, თუ დასავლური ორგანიზაციები მათ სრულ მხარდაჭერასა და ინტეგრირებას არ უზრუნველყოფენ.

ჩიკაგოს სამიტზე 4 ასპირანტი ქვეყნის წინსვლა რომ უნდა მომხდარიყო – არა მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ეს დაიმსახურეს, არამედ რეგიონების სტაბილიზაციისა და ამ გზით ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ხელშესაწყობად – ამაზე ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონიც მიუთითებდა.

უშუალოდ საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერენ კონგრესშიც. მაგალითად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენი სამიტის წინ აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართავდა, ემუშავა მოკავშირეებთან, რომ საქართველო ალიანსში მაქსიმალურად მალე გაწევრიანებულიყო. ის ხაზს უსვამდა საქართველოს სტრატეგიულობას და მისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი კი აღნიშნავდა, რომ საქართველო წევრობის გზაზე პროგრესს, წინსვლას იმსახურებდა. მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნის დაჯილდოებით, NATO დაადასტურებდა, რომ მისი ღია კარის პოლიტიკა ნამდვილია.

სამიტის საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს საკითხს რამდენიმე მუხლი დაეთმო. აქ NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებისა და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ელემენტი. 2009 წელს სტრასბურგისა და კელის სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ რეფორმების პროცესში წინსვლისთვის საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება.


ფოტო: REUTERS
ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში NATO აღნიშნავს, რომ ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში ცენტრალური როლი NATO-საქართველოს კომისიასა და საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას აკისრია.

დეკლარაციაში NATO-მ ხაზი გაუსვა საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: „მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია, რათა რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებისა და NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობის გზით, სისრულეში მოიყვანოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამ კონტექსტში შევთანხმდით, რომ საქართველოს ალიანსთან კავშირი გავაფართოოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგით, პრაქტიკული თანამშრომლობით და თავსებადობის გაძლიერებით”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამავდროულად, NATO მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ხაზს უსვამს 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და იმგვარი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რომელშიც ყველა შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის გამო ალიანსი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს საქართველოს, როგორც ალიანსის არაწევრი, ISAF-ის ოპერაციაში რიგით მეორე კონტრიბუტორი ქვეყნის მიმართ. დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მიესალმება მის სრულ შესაბამისობას ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებასთან და საქართველოს მხრიდან ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ცალმხრივ ზომებს.

NATO მიესალმება საქართველოს ცალმხრივად დადებულ პირობას ძალის გამოუყენებლობაზეც, რუსეთსაც მოუწოდებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ და აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებისაკენ. ალიანსი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებები არსებობს. NATO შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ზრდის გამო. ის რუსეთს მოუწოდებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებისა და იქ ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფლად შესვლის დაშვებისკენ.

NATO-ს მომდევნო სამიტი, სავარაუდოდ, 2014 წელს გაიმართება. იქნება თუ არა ის გაფართოების სამიტი, ჯერჯერობით რთული სათქმელია. ძნელად განსასაზღვრია ისიც, რამდენად შეეხება ეს გაფართოება საქართველოს. თავის მხრივ, მომდევნო სამიტს იმედიანად შეჰყურებს საქართველოს პრეზიდენტი. „ჰილარი კლინტონმა და ძალიან ბევრმა სხვა გამომსვლელმა განაცხადეს, რომ შემდეგი სამიტი იქნება ალიანსის გაფართოების სამიტი. ის, ალბათ, 2014 წელს გაიმართება და ვფიქრობ, საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს. ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ. ჩვენი პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება და მომდევნო სამიტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. მაშინ კი, ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, რატომ არ იღებენ საქართველოს NATO-ში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები