ფეხბურთი

ბინძური ლიდსი

დონ რევი

დონ რევი
'მძულს ეს ქალაქი, მისი ავტოსტრადა და რკინიგზა, მისი ქარხნები და მინდვრები, სახლები და გორაკები, ელან როუდი, ლიდსი, ლიდსი, ლიდსი' – ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.

ლიდსი მარტოა, თავისთვისაა, პატარა კუბაა დასავლეთ იორკშირში. ლიდსი არ ცნობს ავტორიტეტებს, ლიდსი ტაშს მხოლოდ თავის თავს უკრავს. მხოლოდ 19 წლის ლიდსელს შეუძლია ჰაიბერიზე ჩავიდეს და ტონი ადამსს სახეში გააწნას, დაგდებულ როი კინს ფეხი დააბიჯოს, მხცოვან მაკალისტერს ყური აუწიოს. მხოლოდ ლიდსს შეუძლია ერთდროულად მანჩესტერის, ლივერპულის, ჩელსის და არსენალის საძულველი მეტოქე იყოს. აქ მთავარია ყვითელი, თეთრი, ლურჯი – ლიდსი, ლიდსი, ლიდსი!

გუნდი, რომელსაც ბინძური ლიდსი დაერქვა, სათავეს 1961 წელს იღებს, როდესაც იქ ერთი მეტად „ბინძური” კაცი, დონ რევი მოვიდა. რევიმ მეტიუზის გარღვევებზე, ბასბის ბიჭებზე და შენკლის ციტატებზე აღზრდილ რომანტიკულ ფეხბურთს ისეთი პრაგმატიზმი დააჯახა, რომ კარგა ხანს ყველა ნოკაუტში იმყოფებოდა. მაშინდელი გუნდებისთვის რევის ნოვაცია წელს ქვევით დარტყმა იყო, რადგან ბრიტანელებს საფეხბურთო პრაგმატიზმი, მოკლე პასი და საყრდენები არ უყვართ. ნობი სტაილზის და პოლ ინსის გარდა, მაღალი დონის ჩამშლელი მათ არც ჰყოლიათ, ლიბეროს არსებობის შესახებ პირველად 1990 წლის მსოფლიოზე შეიტყვეს, როდესაც პრესის მიერ განდევნილმა, სარდინიაზე გამოკეტილმა ბობი რობსონმა, მარკ რაიტი სარდინიულად აათამაშა (რამაც ინგლისი ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა).

რევი ამ ყველაფერს მიხვდა. მიხვდა 1961 წელს.

რევიმდე, იორკშირელების ერთადერთი მიღწევა 1924 წლის მეორე დივიზიონის ჩემპიონობა იყო. ერთადერთი გლობალური მასშტაბის ფიგურა, რომელსაც იორკული თეთრი ვარდი ამშვენებდა, უელსელი ჯონ ჩარლზი გახლდათ. მერე ჩარლზი იუვენტუსმა გადაიბირა სარეკორდო თანხად და ის ტურინული გუნდის ისტორიაში, პაველ ნედვედთან და მიშელ პლატინისთან ერთად, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად ითვლება. იუვეს შემდეგ კი ლიდსში დაბრუნდა (ასევე სარეკორდო თანხად). უკვე დონ რევის ლიდსში.

რევიმ ჩარლზის ავტორიტეტი პირველ 11 თამაშში გააცამტვერა და რომში გაუშვა. ლიდსის გულშემატკივრებს კი აგრძნობინა, რომ გუნდში ახალი ერა იწყებოდა – მარადმწვანე ლეგენდების, ცრემლების და „აივენჰოზე” აღზრდილი, ინგლისის მხიარული შვილების გარეშე. მან ყველას დაანახა – რეალურად, ლიდსი რიგითი, დაბალი ლიგის გუნდი იყო.

“ეს არ არის ჩემი გუნდი. არ არის ჩემი. არც ყოფილა და არც არასდროს იქნება. ეს მისი გუნდია, მისი ლიდსი, მისი ბინძური, დამპალი ლიდსი და ყოველთვის მისი იქნება” – ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.

რევიმ დისციპლინის დამყარებას და გუნდის საჭირო ფეხბურთელებით დაკომპლექტებას 3 სეზონი მოანდომა. ბინძური ლიდსის მშენებლობა გლაზგოელი ხულიგნით, ბობი კოლინსით დაიწყო. ჯეკი ჩარლტონის თქმით, კოლინსს რეზულტატისთვის საკუთარი დედის მოკვლაც შეეძლო. ფეხბურთელობასთან ერთად გუნდში ის “ჩეკერის” ფუნქციასაც ასრულებდა. კოლინსს მოჰყვა ნორმან ჰანტერი, რომელსაც პატარა შავი წიგნაკი დაჰქონდა, სადაც დასამტვრევი ფეხბურთელების სია ჰქონდა ჩამოწერილი. 1964-ში, ლიდსი პირველ დივიზიონში დაბრუნდა, ახალი რეპუტაციით და ახალი ზედმეტსახელით – ბინძური ლიდსი.

1968 წლის ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას თასი) მფლობელი ლიდს იუნაიტედი
ინგლისელებს ბოლოს ასე ალბათ მესამე რაიხი და ჰიტლერი სძულდათ. საშუალება რომ ჰქონოდათ, ლიდსს ომს გამოუცხადებდნენ. ლიდს იუნაიტედი პირველი გუნდი იყო მოედანთან პოლიციის განყოფილებით, რომელიც კლუბის ინიციატივით გაიხსნა. გუნდში ყველა ბობი კოლინსი არ იყო, ლიდსში ისეთი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, რომლებსაც ფეხების მტვრევის გარდა სხვა უნარებიც გააჩნდათ. მაგალითად, ბილი ბრემნერი (გუნდის კაპიტანი), ჯონი ჯაილსი, პიტ ლორიმერი, ალან კლარკი და სხვები. კლუბის ისტორიაში ოქროს ეპოქა დაიწყო...

პირველ დივიზიონში ამოსვლის დღიდან დონ რევის წასვლამდე, ბინძური ლიდსი ოთხეულიდან არ ამოვარდნილა. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი – 1969 და 1974 წლებში, ხუთჯერ გავიდა მეორე ადგილზე, ორჯერ მოიგო ევროპის ბაზრობათა თასი, დამარცხდა თასების თასის ფინალში. მექსიკის 1970 წლის მუნდიალზე ლიდსიდან 6 ფეხბურთელი გაემგზავრა. ლიდსი ამტვრევდა, ლიდსი იგებდა, ლიდსის ეშინოდათ.

“მე ვზივარ კაბინეტში. დონის კაბინეტში. სავარძელში. დონის სავარძელში. ჩემ წინ არის მაგიდა. დონის მაგიდა” – ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.

დონ რევი ლიდს იუნაიტედს 1961-74 წლებში წვრთნიდა. მოიგო 11 ტიტული და საშუალო დონის მეორელიგური კლუბი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია. იყო ბრწყინვალე ტაქტიკოსი და შესანიშნავი მენეჯერი. დონ რევიმ 1974 წელს ინგლისის ნაკრები ჩაიბარა. დონ რევის ინგლისის ნაკრები ყველა დროის ყველაზე ცუდი ინგლისის ნაკრებია. რევის გუნდი 1976 წლის ევროპის და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ მოხვდა. საშინელი თამაშის ხარისხი, საშინელი სელექცია. დონ რევის გუნდში სიტუაცია ისე გაფუჭდა, რომ მოტივაციის ამაღლების მიზნით ასოციაცია ფეხბურთელებს ყოველ თამაშზე ჰონორარის სახით 200 გირვანქას უხდიდა. 1977 წელს რევი გაუშვეს. მუშაობა არაბეთის ნახევარკუნძულზე განაგრძო და კარიერა 1985 წელს ალ-აჰლიში დაასრულა.

ლიდსში დონ რევი ბრაიან კლაფმა ჩაანაცვლა. კლაფს ეზიზღებოდა რევი, ეზიზღებოდა მისი ლიდსი. მაგრამ სამუშაოს დათანხმდა. გუნდში სიტუაციის შეცვლას და რევის ავტორიტეტის დამხობას შეეცადა. ამ ამბავს მისი იორკშირული კარიერა შეეწირა კიდეც – ლიდსისა და კლაფის ურთიერთობა 44 დღეს გაგრძელდა. შემდეგ მოიყვანეს ჯიმი არმფილდი, რომელსაც არაფრის შეცვლა არ უცდია. გუნდმა ინერციით ფორმა შეინარჩუნა და ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. შიდა ჩემპიონატში, პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე, ლიდსი ოთხეულში ვერ მოხვდა და სწორედ მაშინ, 1975 წლის მაისში, ბინძური ლიდსის ეპოქა დასრულდა.

მას შემდეგ გუნდმა ორჯერ დაიბრუნდა ძველი, რევის შექმნილი იერსახე. ერთხელ ჰოვარდ უილკინსონის და მეორედ, დევიდ ოლირის ხელმძღვანელობით. 2004 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კი ლიდსი დაბალ ლიგებში თამაშობს და უკვე მეცხრე სეზონია, ნიუ დონის გამოჩენას ელის.

აქ იყო ბრემნერი, აქ იყო ბეტი, აქ იყო სმიტი. დღეს სნოდგრასია. სნოდგრასი კარგი ბიჭია. მაგრამ დონს კარგი ბიჭები არ უყვარს. დღევანდელ ლიდსს სიბინძურე აკლია, ზედმეტად სუფთაა – This is what you think we are, This is who we are… Dirty, dirty Leeds, Leeds, Leeds!

 

კომენტარები