სტრასბურგი

სტრასბურგის სასამართლოს რეფორმა დაიწყო

ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი

ბრაიტონში გამართულ კონფერენციაზე ევროსაბჭოს 47-მა წევრმა სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმას მხარი დაუჭირა. დისკუსია ძირითადად საერთაშორისო სასამართლოს მომავალსა და შიდა სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის იმპლემენტაციას ეხებოდა.

სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების საჭიროება გასული თვეების განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა არაერთხელ გააჟღერა.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ აბუ ქატადას დეპორტაცია მიზანშეუწონლად მიიჩნია და პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა უკანონოდ ცნო, დევიდ კამერონის მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ცვლილების შეტანაზე პოლიტიკური ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად ბრიტანეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარეობს და კამერონმა სასამართლოს რეფორმისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო გამოიყენა.

ბრიტანეთის მიერ ინიცირებული რეფორმის მიზანი სტრასბურგის სასამართლოს ეფექტურობის გაზრდაა. დასახული გეგმის მიხედვით, საქმეების დიდი რაოდენობისგან გადატვირთული ევროპული სასამართლოს კომპეტენცია ქვეყნების შიდა სასამართლოებმა უნდა გაინაწილონ. 2011 წლის ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს 151,600 განუხილველი საქმე დაუგროვდა, აქედან 40,250 რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებია. ევროპულ სასამართლოში სარჩელების უმრავლესობა რუსეთის და თურქეთის წინააღმდეგაა შესული. ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევებია.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც სარჩელები სტრასბურგის განსჯადობას არ ექვემდებარება. ბრიტანეთს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ იმ საქმეების განხილვაზე უარის თქმის პროცედურა უნდა გამარტივდეს, რომლებიც საერთაშორისო მართლმსაჯულებას არ ექვემდებარება.

ბრაიტონის დეკლარაცია ითვალისწინებს სუბსიდიარობის პრინციპთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კონვენციაში ცვლილებების შეტანას, რაც შიდა სასამართლოებს საშუალებას მისცემს, აქამდე სტრასბურგის სასამართლოს განსახილველი საქმეების ნაწილი თავად გადაწყვიტონ. დეკლარაციის თავდაპირველი ვარიანტი კონვენციაში სუბსიდიარობის პრინციპის შესახებ ახალი ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა, თუმცა წინააღმდეგობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ პრეამბულაში შევიდეს.

ასევე შეიცვლება სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები, რათა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები გაიცხრილოს და ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ სერიოზული დარღვევები განიხილოს.

გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა ოთხ თვემდე შემცირდება და მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა დაიხვეწება. დეკლარაციაში ასევე გათვალისწინებულია მომავალ წლებში ევროპული სასამართლოსთვის დაფინანსების მომატება რესურსებისა და პერსონალის გაზრდის მიზნით.

ცვლილებების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შიდა სასამართლოების როლის გაზრდა სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელობას არათუ დააკნინებს, არამედ ხაზს გაუსვამს მის განსაკუთრებულ ფუნქციას – აღასრულოს საერთაშორისო მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების კუთხით.

სკეპტიკოსების აზრით კი, რეფორმა არა მხოლოდ განსახილველი საქმეების რაოდენობას, თავად სასამართლოს ძალაუფლებასაც შეამცირებს. მათი თქმით, ეს ძალაუფლება შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყოს გერმანიისა და ბრიტანეთის მსგავს ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, სადაც სასამართლო სისტემა არაეფექტურია და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა, სტრასბურგის სასამართლო ერთადერთ ინსტანციას წარმოადგენს სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის.

ჯერ კიდევ 2005 წელს, პარლამენტის წევრი დევიდ კამერონი ამბობდა, რომ საჭიროა შემცირდეს სტრასბურგის მხრიდან ბრიტანულ მართლმსაჯულებაში ჩარევა. მისი თქმით, თუ ბრიტანეთს ტერორისტების დეპორტაცია სურს, ამისთვის ან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები, ან ევროპული სასამართლო დატოვოს. შვიდი წლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრის რანგში კამერონმა სასამართლოს რეფორმირების იდეა წამოაყენა.

ევროპული სასამართლოს რეფორმის პარალელურად, ბრიტანეთში იურისტების, აკადემიური და სამოქალაქო პირებისაგან შემდგარი კომისია ადამიანის უფლებათა აქტის ადამიანის უფლებათა ბილით შეცვლაზე მუშაობს.

ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა აქტის სახით მოქმედებს. ბოლო წლებში სამასამდე უცხოელმა დამნაშავემ, მათ შორის მკვლელებმაც, ადამიანის უფლებათა აქტის მერვე მუხლის საშუალებით, რომლითაც პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება გარანტირებულია, ბრიტანეთიდან დეპორტაციას თავი დააღწიეს. ხშირია უკმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების დანერგვას ხელს უშლის ბრიტანეთის პარლამენტის უფლებათა აქტითა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მათი შებოჭვა.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით ბრიტანეთის საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი გამოიწვია, კონსერვატიულმა პარტიამ უფლებათა აქტის უფლებათა ახალი ბილით შეცვლის ინიციატივა წამოაყენა, რომლის საშუალებითაც ადამიანის უფლებათა დარღვევების სტრასბურგისგან დამოუკიდებლად განხილვა უშუალოდ შიდა სასამართლოებს შეეძლებათ.

გამორიცხული არ არის, ბილში ტრადიციული ბრიტანული სამართლისთვის დამახასიათებელი უფლებებიც შეიტანონ. მაგალითად, როგორიცაა მსაჯულთა სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება. ასევე მოსალოდნელია აქტში არსებული უფლებების, მაგალითად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ჩანაწერში ცვლილების შეტანა. ადამიანის უფლებათა აქტი, გეგმის მიხედვით, 2013 წელს გაუქმდება და მის ნაცვლად ახალი უფლებათა ბილი ამოქმედდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი საკანონმდებლო აქტის მეორეთი ჩანაცვლება ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს, ბრიტანეთის საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ახალი უფლებათა ბილი უფრო მეტად შეიძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, ვიდრე მისი წინამორბედი.

უახლოეს წარსულში ევროპულმა სასამართლომ არაერთი გახმაურებული საქმე განიხილა. ტერორიზმში ეჭვმიტანილმა აბუ ქატადამ, მისი ბრიტანეთიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. გასულ თვეს, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის მთავრობას ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოსთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპული სასამართლოს განმარტება ერთსქესიანი წყვილების მხრიდან ბავშვების შვილად აყვანასთან დაკავშირებით. ამ განმარტების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ეს უფლება დაცული არ არის.

ყველა წევრმა სახელმწიფომ დეკლარაციის რატიფიცირება 2013 წელს უნდა დაასრულოს. ბრაიტონის სამიტის შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან რეფორმის გატარებას წლები დასჭირდება. სკეპტიკოსების აზრით, რეფორმის დამტკიცების მიუხედავად ძნელია იმის თქმა, რომ მთავრობები დასახული გეგმების მისაღწევად გრძელვადიან თანამშრომლობას შეძლებენ.

 

კომენტარები