ჩიკაგოს სამიტი

ობამა: ავღანეთს უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი 2013 წელს გადაეცემა

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ავღანეთს უსაფრთხოებაზე სრულ კონტროლს 2013 წლის შუა მონაკვეთში გადასცემს. 

მისი თქმით, 2014 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ნატოს ჯარების გამოყვანა მოხდება, ალიანსი უზრუნველყოფს ავღანეთის სამხედრო ძალების გაწვრთნასა და მომზადებას. აშშ–ს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების ყველა წევრი ქვეყანა საერთო ძალებით შეეცდება ავღანეთში მისიის დასრულებას.

„არცერთი ჩვენგანი არ იტყვის უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.“ – განაცხადა ობამამ.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ–ს პრეზიდენტმა აგრეთევე, ავღანეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.

ბარაკ ობამამ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის პრეზიდენტთან, ასიფ ალი ზარდარისთან გამართული არაოფიციალური შეხვედრის ფაგლებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ნატოსათვის პაკისტანში სატრანზიტო გზის გახსნის შესახებ, რათა ალიანსმა კვლავ განაგრძოს ქვეყნის გავლით ტვირთის გადატანა ავღანეთში.

პაკისტანმა ნატოს სატრანზიტო გზა საკუთარ ტერიტორიაზე გასული წლის ნოემბერში ჩაუკეტა, მას შემდეგ, რაც 24 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე ალიანსის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა.

 

კომენტარები