ჩიკაგოს სამიტი

კლინტონი: შემდეგი სამიტი ალიანსის გაფართოებისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს

„ჩიკაგოს სამიტი ბოლო უნდა იყოს, რომელზეც ნატოს გაფართოება არ მოხდება“, – აღნიშნული განცხადება აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართულ ნატოს ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ალიანსის მომდევნო შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების წევრმა სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ ნატოს გაფართოების საკითხი.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნატოს ასპირანტმა ქვეყნებმა – საქართველომ, ბოსნია–ჰერცოგოვინამ, მაკედონიამ და მონტენეგრომ უნდა შეასრულონ ალიანსში გაწევრიანებისათვის აუცილებელი პირობები.

„ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისაგან იმის დემონსტრირებას ველით, რომ ისინი ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს იზიარებენ, რომ აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ ჩვენი სტანდარტები. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ დავეხმარებით მათ, რადგან ეს ალიანსის ინტერესებში შედის.“ – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აგრეთვე, იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც საქართველოს ISAF-ის სამხედრო მისიაში შეაქვს. მისი თქმით, საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყანათა შორის ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობით რიგით მეორე ქვეყანაა.

"საქართველომ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ერთგულია ნატოს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მივესალმებით საქართველოს დაპირებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და შემდგომში საქართველოს საკითხზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას.“ – აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ნატოს მომდევნო სამიტი. უკანასკნელად ალიანსს 2009 წლის აპრილში ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ.

 

კომენტარები