ჩიკაგოს სამიტი

მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ.

პრეზიდენტმა გამოსვლაში ნატოს მნიშვმელობაზეც ისაუბრა. ”ნატო დღეს უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოვადგენთ, არამედ იმ დიდი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამ ალიანსის ბირთვს შეადგენს და მისი ფასეულობების მატარებელია.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართული მხარე აცნობიერებს იმას, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული და რომ ამისათვის კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელებაა საჭირო. "მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები ურყევია. ISAF-ის მისიაში ჩვენი მონაწილეობა, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვსურს უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებელი ვიყოთ, არამედ მისი შემქმნელიც. ნატოსთვის ეს ჩვენი წარმატების მაგალითია.” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჰქონდა კონფლიქტები, რომლებიც აღიარებული იყო ეთნიკურ კონფლიქტებად, მაგრამ ეს ტერიტორიული საკითხი რუსეთთან უნდა გადაწყვეტილიყო.

”ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონებია საქართველოში. ამ ადგილებში ინვესტიციების რაოდენობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ”დახედეთ რუკას: თუ საქართველო დაეცემა, თუკი საქართველოს დემოკრატია დაეცემა, ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, ჩინეთზე, კასპიის ზღვასა და ავღანეთზე, რომელთანაც ეს ეკონომიკური მარშრუტი ესოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ აღარ იქნება.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან.

 

კომენტარები