დაკავება

სამართალდამცველებმა სოსო მანჯავიძე დააკავეს

დღეს სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე იყო. შსს-ს ცნობით, მანჯავიძის დაკავება აღნიშნულ ინციდენტს უკავშირდება.

წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სოსო მანჯავიძე და მოძრაობის სხვა წევრები გუშინდელ აქციას გზად შეესწრნენ, როგორც უბრალო გამვლელები და ,,გაუგებრობაში აღმოჩნდნენ.''

შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, სოსო მანჯავიძეს ჯარიმა დაეკისრა და უკვე თავისუფალია.

,, მანჯავიძე კინოს სახლთან, გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, როცა სხვა აქტივისტებსა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად, იქ გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. სამართალდამცველებმა სასამართლოში წაიყვანეს, ჯარიმა დააკისრეს და უკვე თავისუფალია.’’-განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია იდენტობამ გუშინ მსვლელობა მოაწყო, რომელიც ინციდენტით დასრულდა. აქციის მონაწილეებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და სასულიერო პირებმა გზა გადაუკეტეს და აქცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

კომენტარები