საქართველო-აშშ

ბასი: მნიშვნელოვან საარჩევნო ციკლში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით

”მნიშვნელოვან საარჩევნო ციკლში ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს, რათა დამდგარიყო კონკრეტული შედეგები .” - აღნიშნული განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის პრეზენტაციისას გააკეთა.

ელჩის განმარტებით, ეს შედეგები გამოიხატებოდა გაძლიერებულ გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოში, თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში და მოქალაქეებისთვის მეტი ლეგიტიმურობის მქონე არჩევნებში.

”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების გახსნა საქართველოში თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ისახავს მიზნად". - აღნიშნა ჯონ ბასმა.

პრეზენტაციაზე აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ გადადებულა.

”სახელმწიფო მდივანს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიო მასშტაბით. ქალბატონი კლინტონი ელოდება, რომ მისი ვიზიტი საქართველოში შედგება. იგი ეცნობა იმ პროგრესსაც, რომელიც არის ქვეყანაში მისი უკანასკნელი სტუმრობის შემდეგ. ასევე, ეცნობა იმ გამოწვევებსაც, რომლის წინაშეც დგას საქართველო.” - განაცხადა ბასმა. 

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გახსნილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საზოგადოების შეკრების და აქტუალური საკითხების განხილვისთვის ხელსაყრელი ადგილებია. ამერიკის მთავრობამ დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი 5 მილიონი დოლარით დააფინანსა.

როგორც ელჩმა განმარტა, საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტიურობის წახალისებას და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. თითოეულ ცენტრს აქვს ბიბლიოთეკა და ინტერნეტი, რათა საზოგადოებას საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოძიება გაუადვილდეს. ცენტრების თანამშრომლებს შეუძლიათ თემატური ღონისძიებების და შეხვედრების ორგანიზება, მათ შორის პოლიტიკოსებთან და საარჩევნოდ წარდგენილ კანდიდატებთან.

ცენტრების მართვას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს.

 

კომენტარები