ჰააგა

მლადიჩის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ჰააგას ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალმა ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო. BBC - ის ინფორმაციით, სასამართლოს წარმომადგენლებმა ამის მიზეზად მლადიჩის საქმეში დაშვებული შეცდომები დაასახელეს. მათი განცხადებით, პროკურორებმა განსასჯელის ადვოკატებისათვის გამოძიების მასალების გაცნობისას უზუსტობები დაუშვეს.

მოსამართლის, ალფონს ორის განცხადებით, ”სასამართლო მლადიჩის პროცესის განახლებას მოკლე ვადებში შეეცდება.”

ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის საქმის განხილვა ოთხშაბათს დაიწყო. გუშინდელ სხდომაზე პროკურორებმა მასალები წარადგინეს, რომელთა თანახმადაც, მლადიჩი ბოსნიაში ომის პერიოდში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზეა პასუხისმგებელი.

მლადიჩს ბრალად ედება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ომის მსვლელობისას ჩადენილ სხვადასხვა სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა. იგი აგრეთვე, ბრალდებულია 1995 წელს სრებრენიცაში განხორციელებულ გენოციდში, რომლის დროსაც შვიდი ათასზე მეტი მუსულმანი მამაკაცი დაიღუპა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ სამხედრო ლიდერს სამუდამო პატიმრობა ელის.

 

კომენტარები