ღვინო

ახალი ღვინის ფესტივალი

უკვე მესამედ

მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი 2012 გაიმართება. ამ დღესასწაულს ღვინის კლუბი უკვე მესამეჯერ მართავს და ნელ-ნელა ამკვიდრებს ტრადიციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი ხილი იყო. მეღვინეობით განთქმულ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია (მარტო Beaujolais Nouveau-ს ხსენება რად ღირს), დღესასწაულის, რომელიც აუარება ტურისტს იზიდავს საფრანგეთის ერთ პატარა რეგიონში. ასეთი ზეიმები იმართება ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში და ასე შემდეგ.

ჩვენი ფესტივალი ერთადერთი სივრცეა საქართველოში, სადაც ყველა სახეობის და ტიპის ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ – მსხვილი ღვინის საწარმოებით დაწყებული, მცირე და ოჯახური მარნებით დამთავრებული. კლუბში გუშინ დავასრულეთ ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების შერჩევა და გაირკვა, რომ 60 პრეტენდენტიდან ფესტივალში მხოლოდ ნახევარი, 30-მდე ოჯახური მარანი მიიღებდა მონაწილეობას.

კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქართული მეღვინეობის სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოტანილი ღვინოები, იმედია, ბევრს დაამახსოვრებს თავს. ზოგი მათგანი, როგორც გითხარით, კარგად ნაცნობი ჯიშებიდანაა დაყენებული – რქაწითელს, საფერავს, მწვანე კახურს, ციცქას, ცოლიკოურს და ჩინურს ბევრი იცნობს, თუმცა მათ გარდა სხვა ჯიშებიც გვექნება – ვარდისფერი რქაწითელი, შავკაპიტო, თავკვერი, ხიხვი, ქისი, კრახუნა, უსახელოური, ჩხავერი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა და სხვა.

ღვინის კომპანიები ფესტივალზე წარმოადგენენ ისეთ ღვინოებს, რომელიც ჯერ არავის გაუსინჯავს. ახალი ღვინის ფესტივალის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, პირველებმა გავსინჯოთ ახალგაზრდა ღვინო და გასული წლის მოსავლის შესახებ დასკვნები გავაკეთოთ.

გასასინჯი კი ძალიან ბევრი იქნება – ასეულობით ღვინო. სწორედ ამიტომ, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, ერთ კონკრეტულ ღვინოს კი ნუ დაეწაფებით, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გასინჯოთ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება სპეციალური სადეგუსტაციო ჭიქების შეძენა, რომელიც პატარა, ყელსაკიდიან ჩანთაში იქნება მოთავსებული. ეს ჭიქა საშუალებას მოგცემთ ბოლომდე შეიგრძნოთ ღვინის მთელი სიკეთე, დატკბეთ მისი გარეგნობით, სურნელით, გემოთი და ამ გემოს ხანგრძლივობით. დაასხმევინეთ ცოტ-ცოტა და ეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ის ღვინოები, რომლებიც მოგეწონებათ. დაიმახსოვრეთ სურნელები, გემოები, განცდები, ჩაინიშნეთ სოფლის სახელები, ვენახის სახელწოდებები, დაიმახსოვრეთ ჯიშები, მეღვინეების სახელები და გვარები. გასინჯვისას შეიძლება შეთვრეთ კიდევაც, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, არაფერი სჯობს შთაბეჭდილებებით, მრავალფეროვნებით თრობას, ამიტომ მთავარია ფესტივალიდან ერთი რომელიმე ღვინით მთვრალი არ წახვიდეთ.

არ დაგავიწყდეთ, ახალი ღვინის ფესტივალს ერთი საოცარი თვისება აქვს, მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე მაგალითად, ზოგიერთი სტუმარი, რომელიც 2010 წელს ფესტივალის რიგითი დამთვალიერებელი იყო, 2011-ში უკვე ოჯახური მარნის სტატუსით წარდგა, 2012-ში კი თავისი ღვინო ბოთლში ჩამოსხმულიც გამოიტანა ბაზარზე. სხვებმა ჩხავერი, ხიხვი, საკმიელა ან განახარული გასინჯეს პირველად და გადაწყვიტეს, ეს ჯიშები თავიანთ მშობლიურ სოფლებში გაეშენებინათ...

ახალი ღვინის ფესტივალს ბევრი სხვა სიკეთეც ახლავს – გულთბილი გარემო, თავისუფალი, ლაღი ადამიანები და იმის გაცნობიერების შესაძლებლობა, რომ არაფერი ისე არ აერთიანებს ჩვენში ადამიანებს, როგორც კარგი ღვინო. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სულ უფრო ბევრი რწმუნდება ამაში. შეგიძლიათ წელსაც დარწმუნდეთ!

 

კომენტარები