Facebook

Facebook-ის თანადამფუძნებელმა აშშ-ს მოქალაქეობზე უარი თქვა

ედუარდო სავერინი

Facebook-ის თანადამფუძნებელმა ედუარდო სავერინმა აშშ-ს მოქალაქეობაზე უარი თქვა. იგი სინგაპურის მოქალაქე გახდება, სადაც სამი წელია, ცხოვრობს კიდეც. ამ ნაბიჯით 30 წლის მილიარდელს მოგების გადასახადის შემცირება სურს.

მალე კომპანია თავდაპირველი საჯარო შეთავაზებას (IPO), ანუ კომპანიის აქციების პირველ საჯარო გაყიდვას დაიწყებს. კომპანიის საერთო ფასი 90 მილიარდ დოლარს აღემატება. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სავერინის წილი 4%-მდეა. IPO-თი Facebook-ი 11.8 მილიარდის შოვნას გეგმავს.

მოქალაქეობის დატოვების გზით სავერინი თავის წილზე გადასახადების შემცირებას და მომავალი ინვესტიციების შემთხევაში, მოგების გადასახადისთვის თავის არიდებას გეგმავს. მსგავსი გადასახადი სინგაპურში არ არსებობს. მილიარდელი ინვესტირებას აპირებს ბრაზილიურ და სხვა კომპანიებში, რომლებსაც აზიურ ბაზარზე შესვლის ინტერესი აქვთ.

ბრაზილიაში დაბადებული სავერინი აშშ-ს მოქალაქე 1998 წელს გახდა. ის ერთერთია, ვინც მარკ ზაკერბერგს facebook-ის წამოწყებაში დაეხმარა ჰარვარდის უნივერსიტეტში. „ედუარდომ ახლახანს აღმოაჩინა, რომ უფრო პრაქტიკულია, სინგაპურში იცხოვროს - ის იქ განუსაზღვრელი დროით გადასვლას გეგმავს“ - ამბობს მილიარდელის წარმომადგენელი, ტომ გუდმენი.

თუმცა, სავერინი ყველა ამერიკულ გადასახადს ვერ გაექცევა. მისი წილი ე.წ. exit tax-ით დაიბეგრება. ამრიკელები, რომლებიც ტოვებენ მოქალაქეობას, აქციების მოგებაზე exit tax-ს იხდიან - მაშინაც, თუ წილს არ ყიდიან.

გადასახადების შემცირების მიზნით, აშშ-ს მოქალაქეობას სულ უფრო მეტი ტოვებს. გასულ წელს რეკორდულმა რაოდენობამ - 1780-მა ადამაინმა თქვა უარი ამერიკულ პასპორტზე. შედარებისთვის, 2008-ში მათი რიცხვი 235 იყო.

მომავალ წელს აშშ-ს ყველაზე შემოსავლიანი ნაწილისთვის საშემოსავლო გადასახადი 35-დან 39.6%-მდე გაიზრდება, იგეგმება მოგების გადასახადის ზრდაც - თუ კონგრესი ამას არ დაბლოკავს.

Facebook-ი კომპანიის აქციების პირველ საჯარო გაყიდვას 18 მაისიდან დაიწყებს. 337.4 მილიონი აქციის ფასი 28-35$ იქნება.

კომენტარები