ჩიკაგოს სამიტი

გორდონი: სამიტი ალიანსის გაფართოებისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს

ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამიტი ალიანსის გაფართოების თვალსაზრისით, გადამწყვეტი უნდა იყოს.

გორდონმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მაკედონიის და ყველა იმ პარტნიორი ქვეყნისთვის, რომელიც სამშვიდობო ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობს.

”ალიანსის პარტნიორი ქვეყნები, როგორიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, ავსტრია, ფინეთი, საქართველო, იორდანია და შვედეთი, ავღანეთის სამშვიდობო პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ალიანსის კარი ჩვენი პარტნიორებისათვის ღიაა და შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპული დემოკრატიის ქვეყნებმა ნატო-ს კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკა მყარად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიუტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას." - განაცხადა გორდონმა.

მისივე თქმით, საქართველოში გატარებული რეფორმებისადმი მხარდაჭერა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იანვარში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას დაადასტურა.

”რაც შეეხება რუსეთს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოსკოვთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება გვაქვს და ერთ-ერთი საკითხი საქართველოა. ჩვენ ღიად მოვუწოდებთ რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.” - აღნიშნა გორდონმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდენაუმ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე მკაფიო განცხადება გაკეთდება არაწევრი, პარტნიორი ქვეყნების ნატოსკენ სწრაფვის მხარდასაჭერად.

 

კომენტარები