ევროპის ჩემპიონატი

U17: ისლანდია 0:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს: ვასილ მაისურაძის გუნდმა ჯგუფის უკანასკნელ მატჩში დღეს ისლანდიას 1:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე მეორე ტურის შემდეგ გასულ გერმანიას შეუერთდა.

კუნძულელებთან მატჩმა ჩვენი ჭაბუკების უპირატესობით ჩაიარა, ერთადერთი გოლი კი შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გაიტანა დათო დარციმელიამ: მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით შეუცვალა მიმართულება - 1:0!

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპირველობის ნახევარფინალში ჰოლანდიას შეხვდება, რომელმაც მეორე ჯგუფში იმარჯვა. „ნარინჯისფერებმა“ პირველ ტურში მასპინძელ სლოვენიას 3:1 სძლიეს, შემდეგ კი ბელგიასთან და პოლონეთთან პაექრობები ფრედ 0:0 დაასრულეს. ცნობისათვის: შარშან 17-წლამდელთა ჩემპიონატი სწორედ ჰოლანდიელებმა მოიგეს. მეორე ნახევარფინალში გერმანია პოლონეთს დაუპირისპირდება.

დღეს მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნახევარფინალში ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალი. პირველად ის საფრანგეთთან მატჩში გააფრთხილეს.

10 მაისი, 2012. ევრო 2012. სლოვენია, დომზალე, სპორტნი პარკ. 300

ისლანდია 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 დათო დარციმელია (74)
ისლანდია: რ.რუნარსონი, ა.ი.არნარსონი, ო.ტრაუსტასონი, ჰ.ჰერმანსონი (კაპ), ე.ასმუნდსონი (ს.ტ.პალსონი 26), ა.იოჰანესონი (დ.ბერგსონი 53), ო.სიგურიონსონი, კ.ფ.ფინბოგასონი, პ.ტორსტეინსონი (გ.ბირგისონი 53), ს.ბიორნსონი
მწვრთნელი: გუნარ გუდმუნდსონი
საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა ჭანტურია (კაპ) (მათე ცინცაძე 45), გიგა სამხარაძე, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (დათო დარციმელია 62), არჩილ მესხი (ნიკა ახვლედიანი 79), გიორგი გოროზია
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ლაშა დვალი, არჩილ მესხი, ს.ბიორნსონი, გიორგი გოროზია

მსაჯები: მ.გესტრანიუსი (ფინეთი); ჟ-ი.ვიხტი (შვეიცარია), ს.გენჩელერი (თურქეთი)

კომენტარები