არქივი

ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმების შესახებ

თუ თვალს გადავავლებთ ივერიის ფურცლებს, აუცილებლად მოგვხვდება თვალში არაერთი სტატია ევროპის ქვეყნების შიდა პოლიტიკისა თუ ეკონომიკის შესახებ. ილია, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიბერალი, მხარს ყოველთვის უჭერდა თავისუფალ გაცვლასა და „ფრიტრედერობას”. ის ყოველთვის იდგა ლიბერალური საბაზრო პოლიტიკის მხარეს. ილიას მთავარი მოთხოვნა სამართლიანობა იყო. მას არ მოსწონდა და ღიად აკრიტიკებდა, როცა რომელიმე ეკონომიკური რეგულაცია მხოლოდ ერთ მხარეს აძლევდა მოგებას. ეს სტატია ამის კარგი მაგალითია.

ალექსანდრე მელაძე
ეკონომისტი

ჩვენს გაზეთში ამას წინად კორესპონდენცია იყო დაბეჭდილი ბათუმიდან და აღწერილი იყო სხვადასხვა შევიწროება საბაჟოს მოხელეთაგან. რასაკვირველია, ბევრი რამ ამისთანა თვით კანონის მიერ მიჩნეულ წესების ბრალი იყო, ხოლო ზოგი თვით მოხელეებისა. ბათუმის საბაჟოგამგეობა ცოტა არ იყოს დაგვემდურა ამ კორესპონდენციის გამო და ჩვენს კორესპონდენტსაც ტყუილი შესწამა. არ გასულა ამის შემდეგ ერთი-ორი კვირა და ახლა მოსკოვის გაზეთში დაიბეჭდა კორესპონდენცია იმავე საგანზედ და ამით სიმართლე ჩვენის კორესპონდენტისა თითქმის სიტყვა-სიტყვით დამტკიცდა. ეხლა ხომ თვითონ მთავრობამაც გამოაცხადა, რომ ეგ შევიწორებანი მართლაც არსებობდა და სხვათაშორის იგინიც შეიქმნენ მიზეზად, რომ დღეს მთავრობამ საჭიროდ დაინახა – ეგრეთწოდებული ფორტო-ფრანკო მოსპოს სამუდამოდ ბათუმში. დეპეშამ 27-ის ივნისიდამ გვამცნობა ეს ამბავი და დღეს ისევ „ფორტო-ფრანკოს” გაუქმება უკვე ყოფილი და მომხდარი ამბავია. ინგლისური გაზეთი „times” გულამღვრეულად ლაპარაკობს ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმებაზედ და იქადის, რომ ინგლისიც თავის მხრით სამაგიეროს გადიხდის, შეჰკრავსო ოსმალეთის წყლების სრუტეებს საომარი ხომალდებისათვის.

ჩვენ რომ ჩვენის საკუთარის ქვეყნის ინტერესებით შევხედოთ გაუქმების საქმეს, შეგვიძლია ვსთქვათ, რომ არც ფორტო-ფრანკოს ყოფნას მოჰქონდა ჩვენთვის სარგებლობა და არც მისი არყოფნა ზარალს მოგვიტანს. რა იყო ის ფორტო-ფრანკო? ვისთვის იყო? ბათუმში შეეძლოთ უბაჟოდ შემოტანა საქონლისა და გადატანა კი უბაჟოდ არ შეიძლებოდა. ვისთვის რა ხეირი იყო? ორიოდე ვაჭრისათვის და თვით ბათუმში მცხოვრებთათვის, სხვას არავის აქედან არც რგება ჰქონდა არც გამორჩომა.

რაც შეეხება პოლიტიკას ამაზედ კი ვიტყვით, რომ ეგ თვალად ყოვლად უმნიშვნელო ამბავი ფორტო-ფრანკოს გაუქმებისა ცოტად თუ ბევრად შეამღვრევს პოლიტიკის წმინდა წყალსა და არა გვგონიან კი, რომ დიდი რამ გამოიწვიოს. პოლიტიკა ცოტად ოდნაც აპილპილდება ჩალასავით და ჩალასავიდვე უმალ ჩაქრება. კბილჩასაკიდებელ საქმედ კი გადაიქცა, თუ გლადსტონი სამინისტროდამ გადადგა და სალუსბერიმ დაიჭირა მისი ადგილი. როგორღაც ვერ მოსდის დუშაში სახელოვანს გლადსტონს. დეპეშეპი არჩევანის თაობაზედ მეტად ცუდ ამბებს მოეზიდებიან და ესეც ხომ ვიცით, რომ არჩევანზეა დამოკიდებული გლადსტონის სამინისტროს დღეგრძელობა.

ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 30 ივნისი, 1886 წელი

 

 

 

 

კომენტარები