ფეხბურთი

მოგზაურთა კლუბი

გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბრევიკს გადაღმა ჯერ კიდევ ინგლისის ნაკრების წარუმატებლობას ზეიმობენ, ამ დროს კი, ივნისის ერთ-ერთ მზიან დღეს, ლოკალური სტეინჰაუსმური საზაფხულო შეკრებისთვის ემზადება. ავტობუსში გუნდის მთავარი მწვრთნელი, დეს მაკიოუნი ამოდის და მის პირდაპირ ჯდება. ხმას არ იღებს. უბრალოდ ზის. მაკიოუნს არ აინტერესებს რიკარდო პერეირას გმირობები ინგლისთან, არ აინტერესებს პოლ მაკარტნის იუბილე და ჯეიმს ბრაუნის სიკვდილი. ქათმის გრიპის პრობლემასაც პრობლემად არ მიიჩნევს.

ავტობუსიდან ჩამოსვლისას, მაკიოუნი უბრუნდება მის წინ მჯდომ მაკარტნისა და რიკარდოზე მოსაუბრე კოლინ კრამბს და ეუბნება: “ჩემი აქ ყოფნის პირობებში, შენ ამ გუნდში ვეღარ ითამაშებ. ჯიბიდან გადაგიხდი ხელფასს, სანამ კონტრაქტი არ ამოგეწურება. შენ აქ ვეღარ ითამაშებ!”.

მაკიოუნის მძაფრი ტონის და მუქარის მიხედვით ადვილი გამოსაცნობია, თუ რატომ ითამაშა კოლინ კრამბმა 17-წლიანი კარიერის მანძილზე 16 სხვადასხვა კლუბში. კოლინ კრამბი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისის ოთხივე და შოტლანდიის ასევე ოთხივე დივიზიონში უთამაშია (დავუმატოთ ჰოლანდიის ჩემპიონატი და ინგლისის კონფერენს ლიგა). კარიერა 2009 წელს, აღმოსავლეთ სტირლინგშირში დაასრულა.

კრამბის შედეგი, 17 წლის მანძილზე 16 კლუბი, ჯონ ბარიჯის მაჩვენებელთან არაფერია. ბარიჯმა კარიერა 17 წლის ასაკში, 1968-ში, ადგილობრივ უორკინგტონში დაიწყო. 46 წლისამ ბლაიტ სპარტანსი მიატოვა და ეს მისი ბოლო კლუბი იყო. 1968-1997 წლებში, ჯონ ბარიჯმა 29 კლუბი გამოიცვალა. 29 სეზონი, 29 კლუბი. სხვადასხვა დროს თამაშობდა: ბლექპულში, ასტონ ვილაში, ქუინზ პარკში, კრისტალ პალასში, ნიუკასლში და ასე შემდეგ. ჯონ ბარიჯის კარიერას, ტერი ვენეიბლზის, რონ სონდერსის, კევინ კიგანის, კრის ნიკოლის და სხვა მწვრთნელთა პირველი ნაბიჯები ახსოვს. 1971 წელს ბლექპულთან ერთად ბოლონიის სტადიო კომუნალეზე ანგლო-იტალიური თასი აღმართა. ინგლისის სამოყვარულო და პროფესიულ ლიგებში, ჯამში 1000 მატჩამდე აქვს ჩატარებული.

თითქმის 4-დეკადიანი კარიერის შემდეგ ბარიჯი სამწვრთნელო საქმეს შეუდგა. მეკარეებს წვრთნიდა არსენალში, ლიდსში, ბოლტონში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ნაიჯელ მარტინი, პოლ რობინსონი და ტიმ ფლაუერსი ბარიჯის შეგირდები არიან. მწვრთნელობის შემდეგ სკაუტ სისტემამ გაიტაცა. ომანის ნაკრების და უიგან ატლეტიკსის საკმაოდ კარგი კიპერი, ალი ალ-ჰაბსი სწორედ ბარიჯის აღმოჩენილია. დღეს TEN Sport-ზე, კატლტონ პლამერთან ერთად, პრიმერა დივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიჰყავს. 2011 წელს დაწერა ავტობიოგრაფია – Budgie. ჯონ ბარიჯს ეკუთვნის ერთი რეკორდიც, პრემიერლიგის ყველაზე ხნიერი მოთამაშეა – 1995-ში, 43 წლის და 162 დღის, მანჩესტერ სიტის კარს იცავდა ქუინზ პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ.

კოლინ კრამბის და ბარიჯის საქმეები უფრო ლოკალური სახისაა. ამიტომ, შედარებით გლობალურ მასშტაბებზე გადავიდეთ. მაგალითად, ლუც პფანენშტილი, რომელზეც ტაბულას ადრეც დაუწერია.

ის იჯდა სინგაპურის ციხეში, მოედანზე გარდაცვლილად გამოაცხადეს, ითამაშა 13 ქვეყნის 25 სხვადასხვა კლუბში და დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ფიფას ექვსივე კონფედერაციაში უთამაშია.

პფანენშტილი მიუნხენ 1860 ის და მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებში 3 კეპი ჰქონდა, როდესაც გერმანიიდან მალაიზიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბაიერნმა კონტრაქტი შესთავაზა, პფანენშტილმა მალაიზია არჩია.

კონტინენტიდან კონტინენტზე ხეტიალისას უამრავი უცნაური ამბავი გადახდა. სინგაპურში 101 დღით ციხეში ჩასვეს მატჩის გაყიდვის ბრალდებით. პფანენშტილის თქმით, ბრალმდებლის მთავარი მოტივი და არგუმენტი მისი ზედმეტად კარგი თამაში იყო. მალაიზიის შემდეგ crazy gang-ში, გადარეული ვინი ჯონსის უიმბლდონში მოხვდა. ერთხელ გუნდმა ქალაქთან ახლოს, ადგილობრივ პარკში ივარჯიშა. ვარჯიშის დროს, პფანენშტილი თანაგუნდელებმა გააშიშვლეს, ანუ crazy gang-ის წევრად მონათლეს. გერმანელმა ქალაქის ცენტრამდე 5 კილომეტრი შიშველმა ირბინა. ასევე ალბიონზე თამაშისას, უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი – რიგითი ბოქსინგ დეის მატჩი მიდიოდა, როდესაც მოედანზე გონება დაკარგა და პულსი გაუჩერდა. დიქტორმა სამჯერ გამოაცხადა გარდაცვლილად, რასაც მოედანზე გლოვა და მემორიალური ჩანტების დამღერება მოჰყვა. 3 საათის შემდეგ ლუცი გონს მოეგო.

პფანენშტილის კარიერა, რომელიც ფინეთიდან სამხრეთ აფრიკამდე და სომხეთიდან ახალ ზელანდიამდეა გადაჭიმული, 2011 წელს

ნამიბიურ რამბლერსში დასრულდა. დღეს ის 38 წლისაა და ჰოფენჰაიმში სკაუტად მუშაობს.

სხვა ცნობილი “ჯორნიმენთა” წრის წარმომადგენლები არიან: ტრევორ ბენჟამინი, 1995 წლიდან – 29 კლუბი. დრიუ ბროუტონი, 1996 წლიდან – 21 კლუბი. სტივ კლარიჯი, 1983-2007 – 19 კლუბი. რიჩარდ პეკქუეტი, 2000 წლიდან – 19 კლუბი. ბენიტო კარბონე, 1988-2010 – 17 კლუბი. აილტონი, 1993-2011 – 18 კლუბი. კაბა დიავარა, 1993-2011 – 17 კლუბი. ბობო ვიერი, 1991-2009 – 13 კლუბი...

ფეხბურთელთა მასიური მოგზაურობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, სატრანსფერო სისტემის განვითარებასთან ერთად დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც ფულის სანაცვლოდ პირველიდან მეორე ლიგაში სათამაშოდ მიდიოდა, პრესაში დაბეჭდილი კარიკატურებით აპოკალიფსის ოთხ მხედარს ადევნებდნენ. საუკუნის შემდეგ, აპოკალიფსის ოთხი მხედარი არა, მაგრამ ბაიერნის აკადემიიდან მალაიზიაში წასულ მოთამაშეს სინგაპურელი პროკურორი, ვინი ჯონსი და სელჰარსტ პარკის დიქტორი შეიძლება თავისუფლად აედევნოს.

აი, აზერბაიჯანის, უკრაინის და რუსეთის ჩემპიონატები რა სახით და ფორმით უნდა აადევნოს ქართულმა პრესამ ქართველ ფეხბურთელებს, ძნელი სათქმელია. აპოკალიფსის ოთხი მხედარი აქ ვერ გაჭრის, რაიმე უფრო მძაფრია საჭირო.

 

კომენტარები