ფრანსუა ოლანდი

ნორმალური კანდიდატი

ფრანსუა ოლანდის პოლიტიკური დებიუტი ჟაკ შირაკთან დაპირისპირებით დაიწყო. 1981 წელს ორივე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დეპარტამენტ კორეზში იბრძოდა ნაციონალურ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა) მოსახვედრად.

შირაკი იმჟამად პარიზის მერი იყო, მანამდე კი პრემიერი (ეს თანამდებობა მას შემდეგაც ეკავა, 1986-88 წლებში), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის გოლისტების კანდიდატი იყო, მაგრამ პირველივე ტურში დამარცხდა სოციალისტ ფრანსუა მიტერანთან და ლიბერალ ვალერი ჟისკარ დ’ესტენთან. მეორე ტურში შირაკმა პიროვნულად დაუჭირა მხარი ჟისკარს, მაგრამ უარი განაცხადა, რომ იმავეს გაკეთება თავისი მომხრეებისათვის მოეწოდებინა.

მემარჯვენე ამომრჩევლის გახლეჩა ფრანსუა მიტერანს ელისეს სასახლის დაკავებაში დაეხმარა. მადლიერების ნიშნად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, მის საარჩევნო ოლქში შირაკს სოციალისტებმა ძლიერი კონკურენტის ნაცვლად ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლის წინა წლის კურსდამთავრებული, 26 წლის ფრანსუა ოლანდი დაუპირისპირეს.

ჩემ წინააღმდეგ გამოაგზავნეს ოპონენტი, რომელიც უფრო ნაკლებად არის ცნობილი, ვიდრე მიტერანის ძაღლი – ლაბრადორი, სახელად ბალტიკი, – თქვა მაშინ შირაკმა. დღეს 79 წლის ყოფილი პრეზიდენტი ხმას არა თანაპარტიელ ნიკოლა სარკოზის, არამედ თავის

ძველ მოწინააღმდეგეს აძლევს. შირაკი ოლანდს ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენიებს მაშინ, როცა სარკოზის ნერვიულსა და იმპულსურს უწოდებს.

შირაკსა და სარკოზის შორის ურთიერთობებში ბზარი ჯერ კიდევ 1995 წელს გაჩნდა, როცა სარკოზიმ მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი შირაკის კონკურენტს, იმჟამინდელ პრემიერს ედუარდ ბალადიურს დაუჭირა.

შირაკის მიერ მისი კონკურენტის მხარდაჭერის კომენტირებისას სარკოზი ამბობს, რომ დაუშვებელია ექსპლუატაცია გაუწიონ მოხუც ადამიანს, ვისი მენტალური ჯანმრთელობაც სპეკულაციის საგანს წარმოადგენს. საუკეთესო გზა, პატივი ვცეთ ჟაკ შირაკს და იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება, იქნება ის, თუ მას ლაპარაკს არ ვაიძულებთ, – განუცხადა გაღიზიანებულმა სარკოზიმ სახელმწიფო რადიოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

თავის წარმატებას ოლანდი დიდწილად არა შირაკის მხარდაჭერას, არამედ იღბალს უნდა უმადლოდეს. ერთი წლით ადრე, საპრეზიდენტო ფავორიტად იმჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დომინიკ სტროს-კანი ითვლებოდა. და რომ არა ნიუ იორკში ამტყდარი სექსუალური სკანდალი, ოლანდი წლევანდელი არჩევნების მთავარი მოქმედი გმირი ვერ გახდებოდა.

ზომიერი მემარცხენე ოლანდი საარჩევნო კამპანიამდე ფრანგული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდებოდა. მას სამთავრობო პოსტი არასდროს ეკავა და აქამდე უფრო იმით იყო ცნობილი, რომ სეგოლენ რუაიალის პარტნიორი გახლდათ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუაიალი სარკოზისთან დამარცხდა. რამდენიმე თვეში, 34-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ის და ოლანდიც დაშორდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ. ოლანდის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა – ფრანგულმა პუბლიკამ მალევე გაიგო მისი და ფრანგი ჟურნალისტის, ვალერი ტრირვილერის ურთიერთობის შესახებ.

სოციალისტების ლიდერს საფრანგეთში სხვადასხვა მეტსახელებით მოიხსენიებენ ხოლმე. მომხრეები მას მუსიე ნორმალს უწოდებენ და ამით ექსცენტრული კონკურენტის, პრეზიდენტ ბლინგ ბლინგის ესკაპადებისგან გადაღლილ ამომრჩეველზე აპელირებენ. მოწინააღმდეგეები კი, სოციალისტების ლიდერის სისუსტისა და მერყეობის ხაზგასასმელად, მას კარამელის პუდინგის სახელს, Flanby-ს ეძახიან. მათი მტკიცებით, ოლანდი უფერული და უხერხემლო პოლიტიკოსია და კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის გაძღოლას ვერ შეძლებს.

მართალია, ქარიზმითა თუ ლიდერობის უნარით ოლანდი არ გამოირჩევა, მაგრამ მას უშუალო და გულკეთილ ადამიანად მიიჩნევენ. სოციალისტთა ლიდერმა ამომრჩეველს თავი ექსპრომტად მოფიქრებული ხუმრობებით დაამახსოვრა. საარჩევნო კამპანიის დასაწყისში მან ორი პირობა დადო – რომ წონაში დაიკლებდა და საკუთარ იუმორს მოთოკავდა. პირველი შეასრულა, მეორე – ვერა. გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ოლანდს მისი ამომრჩევლების 38-მა პროცენტმა ხმა პირადი სიმპათიების გამო, 60-მა პროცენტმა კი სარკოზისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო მისცა.

საარჩევნო კამპანიისას ოლანდი ბევრს საუბრობდა სოციალურ სამართლიანობაზე და თავის მოწინააღმდეგედ არა რომელიმე პიროვნებას, არამედ ფინანსურ სამყაროს აცხადებდა. ის გადასახადების 75%-მდე გაზრდას აპირებს, ევროპის ფისკალური პაქტის გადასინჯვას ითხოვს, ეწინააღმდეგება ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ბიუჯეტის დაბალანსებას მხოლოდ 2017 წლისთვის გეგმავს. მისი მეთაურობით სოციალისტები აპირებენ, რომ სარკოზის მიერ 2 წლით გაზრდილი საპენსიო ასაკი კვლავ 60 წლამდე დასწიონ.

ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა, მეორე კი ის რეალობა, რომელიც საპრეზიდენტო მარათონის გამარჯვებულს დახვდება. ეკონომიკური კრიზისის პირობებში პოლიტიკოსებს მანევრირების საშუალება მკვეთრად შეზღუდული აქვთ. ამას ემატება ევროკავშირის მიერ დაწესებული ჩარჩოები, რისი გადახედვაც ფრანგ პოლიტიკოსებს სხვა ევროპული ქვეყნების, პირველ რიგში გერმანიის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ. ამ თანხმობის მოპოვება მათთვის არც ისე იოლი იქნება.

სოციალისტების ეკონომიკური პოლიტიკა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც იყო, რომ არჩევნებზე ის დაუფარავად უჭერდა მხარს სარკოზის. მიუხედავად ამისა, მიმომხილველები იმედოვნებენ, რომ ფრანკო-გერმანულ პარტნიორობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ევროზონის ფინანსური კრიზისიდან გამოსვლისთვის ფრანგ და გერმანელ პოლიტიკოსებს საერთო ენის გამონახვის გარდა სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

საგარეო პოლიტიკაში ოლანდისა და სარკოზის შეხედულებები მკვეთრად არ განსხვავდება. არჩევნების შედეგის მიუხედავად, ფრანგული დიპლომატიის ვექტორი დიდად არ შეიცვლება, თუმცა ოლანდის პირობებში პარიზის საერთაშორისო აქტივობა შედარებით მოკრძალებული იქნება. სოციალისტების ლიდერი აპირებს, რომ 3,600 ფრანგი სამხედრო ავღანეთიდან წლის ბოლომდე გამოიყვანოს.

კომენტარები