საკონსტიტუციო ცვლილებები

ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოში პოლიტიკური უფლებებით მხოლოდ სამი წლით ისარგებლებენ

საქართველოში დაბადებული ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში პოლიტიკური უფლებებით  მხოლოდ  სამი წლით ისარგებლებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბადებულ და ათი წლის მანძილზე მცხოვრებ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, არჩევნებში კენჭისყრის უფლება ეძლევა, გარდამავალ დებულებად ჩაიწერება. სამი წლის შემდეგ ეს ნორმა გაუქმდება, თუმცა გაუქმება უკვე არჩეულ ან დანიშნულ პირებს არ შეეხებათ.

აღნიშნული ინიციატივით დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გამოვიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, 25 წლის ნაცვლად, მოქალაქეს უკვე 21 წლიდან შეეძლება დეპუტატად კენჭისყრა. ამასთან, ამავე პროექტით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" არიან. აღნიშნული ინიციატივით ფრაქცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვები დღეს დაიწყება.

 

კომენტარები