ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში დაკარგა, სამაგიეროდ, კლუბის სუპერფორვარდმა ლეო მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: მალაგასთან შესრულებული ჰეთ-თრიქის წყალობით ევროფეხბურთის ისტორიაში სეზონში ყველაზე მეტი, 68 გოლი დაუგროვდა!
მესიმ გასული საუკუნის 70-იანი წლების დიდებული გერმანელი ფორვარდის, მიუნხენის ბაიერნის გოლეადორის გერდ მიულერის მიღწევა გააუმჯობესა - 1972-73 წლების სეზონში ”ნორდლინგელმა დათუნიამ” 67 ბურთის შეგდება შეძლო, მესის კი უკვე 68 გოლი აქვს!
ბარსელონას ბომბარდირის საამსეზონო გოლები ასე ნაწილდება: 46 პრიმერადივიზიონში, 2 - ესპანეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში - 14, ქვეყნის სუპერთასზე - 3, ევროპის სუპერთასზე - 1, 2 გოლი კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.
მიმდინარე სეზონი მის ბარსელონურ კარიერაში სხვა მხრივაც სარეკორდოა: აქამდე სეზონში 57 ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
ლა ლიგას დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბარსელონას ესპანეთის თასის ფინალიც ელის, არაა გამორიცხული არგენტინელმა გენიოსმა სეზონში 60 მატჩს და 70 გოლსაც უწიოს.
ცნობისათვის: მსოფლიოს სამგზის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ლეო ბარსას ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია 248 გოლით. 24 წლის თავდამსხმელმა ამდენი ბურთის გატანა 326 მატჩში შეძლო.




